„ხელოვნების სასახლე – თბილისის 52 მუზეუმს შორის 1-ელ ადგილზეა…“
ხელოვნების სასახლე – თბილისის 52 მუზეუმს შორის 1-ელ ადგილს იკავებს. სტატუსს გიორგი კალანდია ავრცელებს.
„2023 წელიც მიილია, ხელოვნების სასახლემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მსოფლიოს ყველაზე ცნობად, გამოყენებად და სანდო სამოგზაურო საიტზე TripAdvisor-ზე ხელოვნების სასახლე – თბილისის 52 მუზეუმს შორის 1-ელ ადგილს იკავებს! ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ჯილდოა! ჯილდოა რომელსაც ვერ მოიპოვებ ვერც ნაცნობობით, ვერც რეკომენდატორებით, ვერც კულისებს მიღმა მოლაპარაკებებით… პირველ ადგილს მხოლოდ დამთვალიერებლის კეთილი განწყობა და შესაბამისი გამოხმაურება უზრუნველყოფს! კომენტარს ერთი და იგივე ადამიანი ვერ დაწერს, ამას ვერ იზამ ვერც ერთი და იგივე კომპიუტერიდან თუ მობილურიდან… მკაცრად კონტროლდება ყველაფერი, მათ შორის გამოხმაურების ავტორის ლოკაცია, შეუძლებელია ამ საიტზე შენი გვერდი დაარეკლამო…
ერთი სიტყვით პირველობას ამ საიტზე მხოლოდ დამთვალიერებლის ინტერესით შეძლებ! ამიტომ ეს არის ყველა ჩვენგანის ერთობლივი გამარჯვება, განსაკუთრებით კი მუზეუმის საექსკურსიო ნაწილის, ჩვენი მუდამ ღიმილიანი, თავაზიანი და განათლებული გიდები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებენ ჩვენს დამთვალიერებელზე, რაც სამუზეუმო კოლექციებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!
მახსოვს, 2020 წელს, როდესაც Travelers ‘Choice Awards მივიღეთ ჯილდოდ, მოსალოც ტექსტში ეწერა: „ჯილდოს მფლობელები განსაკუთრებული მომსახურეობითა და ხარისხით გამოირჩევიან. ჩვენთვის ისინი შთაგონების დიდ წყაროს წარმოადგენენ“… დიახ ხელოვნების სასახლე დღეს ბევრისთვის შთაგონების წყარო და მისაბაძი ინსტიტუციაა! ამისათვის კი ყველაზე დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებს მინდა გადავუხადო, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი წარმატებისათვის… მადლიერი ვარ იმ ტრადიციული მხარდაჭერისათვის რითაც კულტურის სამინისტრო კიდევ უფრო გვაძლიერებს… სხვა მიღწევების ჩამოთვლას კი აღარ ვაპირებ, ეს პირველი ადგილი ყველა წარმატებისა თუ მიღწევის შესანიშნავი ილუსტრაციაა! ახალ წელს გილოცავთ, ძვირფასებო“! -წერს გიორგი კალანდია.