კანონის პროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პირველი საჯარო განხილვა გაიმართა
“კანონის პროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პრეზენტაციასა და საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო’, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„კანონპროექტი მოიცავს ქიმიური ნივთიერებების და ნარევების კლასიფიცირების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და ინფორმაციის წარდგენის წესების, ასევე რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის წესების დადგენას. აღნიშნული კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს და მისი მიღება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭა, უმნიშვნელოვანესია. ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც ეფექტიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მისაღები საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
კანონპროექტის მიზანია ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, ნივთიერებებთან, ნარევებთან და საგნებთან უსაფრთხო მოპყრობისა და გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა, ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა, ნივთიერებების, ნარევებისა და საგნების თავისუფალი მიმოქცევის, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ზრდის ხელშეწყობა.