ჯემალ გამახარია – “აფხაზეთის უმაღლესი საბჭო რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის ე.წ. შეთანხმებას ბათილად გამოაცხადებს”

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის ე.წ. შეთანხმებას ბათილად გამოაცხადებს. ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოისმინეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ამ ე.წ. აქტს ძალიან მკაფიო შეფასება ეძლევა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად დაიწყეს იმის მითითება, რომ რუსეთი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას ეწევა. ჩვენი მთავრობა, როგორც გაცხადებული იყო, ძალიან შეეცდება, რომ ეს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციებს წინაშე ძალიან მწვავედ დადგეს. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სხვა ბერკეტები არ გაგვაჩნია, რომ ზეწოლა მოვახდინოთ.
როდესაც რუსეთი აფხაზეთს მისთვის სასურველ ხელშეკრულებებს ახვევს თავს, რომელსაც შედეგად ან ტერიტორიის  ან რაღაც ობიექტის გადაცემა მოსდევს (ეს პირველი შემთხვევა არ არის ), აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება, ამ ე.წ. აქტების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. დღეს უმაღლეს საბჭოში ამ საკითხთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენებია. ხვალ სესია გაიმართება და ამ ე.წ. შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ ოფიციალურად გამოვაცხადებთ, საქართველოს კანონმდებლობიდან, საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე. მათ ვითომ სამართლებრივი, უკანონო დოკუმენტი დადეს, ჩვენ კანონიერ დოკუმენტს ვდებთ , რომელიც “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდება. დადგება დრო, როცა ჩვენ მათ ამ დოკუმენტებს წინ დავუდებთ”, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება გუშინ მოახდინა.

ე.წ.პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ლაგვილავამ თქვა, “ის ფაქტი, რომ შეთანხმების რატიფიცირება ჯერ 28 დეკემბერს დაანონსდა და მერე მოულოდნელად 27 დეკემბრისთვის გადმოიტანეს, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ. მათ ეშინიათ, რომ აქ მეტი ხალხი შეიკრიბებოდა, მათზე ზეწოლას მოახდენდნენ, ამიტომ ჩქარობდნენ უკანონო გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტობრივად, დღეს მათ გააუქმებს ცნება – კანონი, საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენეს, თავი კონსტიტუციაზე, ხალხზე მაღლა დააყენეს. მათ კიდევ იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ ისეთი რამ ახდენს მათზე ზეწოლას, რაც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები