ნიკოლოზ სამხარაძე: ვარჰეი ძალიან აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო
მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადება შეაფასა.
სამხარაძის თქმით, ვარჰეი ძალიან აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო
“ოლივერ ვარჰეის გზავნილი, ადამიანის რომელიც კომისიაში პასუხისმგებელია ევროკავშირის გაფართოებაზე, ძალიან ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ოპონენტების იმ სრულიად უსაფუძვლო, არალოგიკურ და უაზრო განცხადებებს, თითქოს ეს იყო საჩუქარი და ავანსად მოცემული ან ხანდახან როგორც ამბობენ, გადმოგდებული კანდიდატის სტატუსი. ვარჰეი მთელი ამ პროცესის განმავლობაში ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა და ეხმარებოდა საქართველოს, რომ ქვეყანას საბოლოოდ სტატუსი მიეღო და მისი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში უტიფრად ცრუობს. ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში უკვე დიდი ხანია, აიხლართა. ძალიან უბადრუკად ცდილობენ, იქნებ, ამ სიტუაციიდან გამოძვრნენ. ისინი არ არიან გახარებულნი იმით, რომ საქართველომ სტატუსი მიიღო სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მთელი წელიწად-ნახევარი სტატუსის მიღების წინააღმდეგ იბრძოდნენ. შესაბამისად, ახლა ცდილობენ, როგორმე ეს ყველაფერი დააბრალონ გარე ფაქტორებს, გეოპოლიტიკას, კოსმოსურ ძალებს და ყველაფერს, ოღონდ არ ახსენონ, რომ ეს არის ხელისუფლების დამსახურება“,- განაცხადა სამხარაძემ.
ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ ვიდეოჩართვისას განაცხადა: „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არ არის საჩუქარი, ეს არის ქართველი ხალხისა და მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი“.