“როდესაც ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი გადავაბარე, მისთვის არანაირი პირობები არ წამიყენებია“

სამთავრობო ცვლილებებამდე ღარიბაშვილმა მკითხა აზრი. თუმცა, არ დავინტერესდი და არ მითქვამს, კონკრეტულად ასე ან ისე გააკეთეო , – ამის შესახებ ექსპრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრისთის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილმის თქმით, როდესაც მან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტი გადააბარა, მისთვის არანაირი პირობა არ წაუყენებია. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ხედავს მან შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
“ სამთავრობო ცვლილებებამდე ღარიბაშვილმა მკითხა აზრი. თუმცა, მე არ დავინტერესდი და არ მითქვამს, კონკრეტულად ასე ან ისე გააკეთეო. ჩემი დამოკიდებულება დღესაც ისეთივეა, როგორიც ადრე იყო – როდესაც მე ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი გადავაბარე, მისთვის არანაირი პირობები არ წამიყენებია. იგივე ვუთხარი ღარიბაშვილს ახლაც – დღეს ის არის პრემიერი და თუ ხედავს სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას, შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ისიც ვუთხარი, რომ თუ კონკრეტულ მინისტრზე ან სამინისტროზე მკითხავს, მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, თუმცა, რაც ნაკლებს შემეკითხები, მით უფრო უკეთესია ჩემთვის-მეთქი. ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევს, მაგალითად, ის, თუ ვინ იქნება კულტურის მინისტრი. თუმცა, ჩემთვის რამდენიმე საკვანძო სამინისტრო უფრო საინტერესოა (მაგალითად, ჯანდაცვის, შსს და ა.შ.), იგივე შს მინისტრი დანიშნა ღარიბაშვილმა, ეს აბსოლუტურად მისი არჩევანი იყო და მე ამ კაცს (ჭიკაიძეს) არ ვიცნობდი. ისე, მივიჩნევ, რომ ნორმალური არჩევანი იყო. ვიმეორებ – ჩემთვის მთავარია კურსი და დამოკიდებულება, რომელიც აქვს პოლიტიკურ გუნდს კოალიციის სახით.
თუ ვერ გაამართლებს რომელიმე მინისტრი, პრემიერს აქვს უფლება, ის ისევ გამოცვალოს, თუმცა, ალბათ, სჯობს, ასეთი ცვლილებების საჭიროება ხშირად არ დადგეს. მთავარია, პრემიერმა, ანუ პოლიტიკურმა ლიდერმა, პოზიცია არ შეიცვალოს, რასაც არც ველოდები – დინჯი, კახელი კაცია და პოზიციებს ხშირად არ იცვლის ხოლმე.
მირჩევნია, ქვეყნის 15-20-წლიანი განვითარების პერსპექტივასა და ეკონომიკაზე ვიფიქრო (რაზეც ვხარჯავ ჩემს ძირითად დროს) და არა იმაზე, ღარიბაშვილი რომელ მინისტრს ვისით ჩაანაცვლებს. ყველა მინისტრი ღარიბაშვილმა შეარჩია, ერთადერთი, რაშიც დახმარება მთხოვა, კულტურის მინისტრის კანდიდატურა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ დავეხმარე – ლამის მთელი საქართველო მოვსინჯეთ, თუმცა, მინისტრის კანდიდატურა საბოლოოდ ისევ ღარიბაშვილმა შეარჩია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები