დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2014-2015 სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, წელს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას 50 000-მდე პირველკლასელი დაიწყებს.
ნახევარ მილიონამდე მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემა, 42 000-მდე პირველკლასელი ki საჩუქრად კომპიუტერებს მიიღებს.უფასო სახელმძღვანელოს მიიღებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე. ასევე, კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრი მოსწავლეები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები, იმ კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტისა და გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება.
15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება ორ ახალ სკოლაში – სოფელ მუხრანსა და სოფელ აბანოში. წლის ბოლომდე კიდევ ექვსი ახალი სკოლის გახსნა და რვა სკოლის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ახალი სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა 1500-ზე მეტი სკოლა. 100 საპილოტე სკოლაში სამედიცინო კაბინეტები გაიხსნა.
ამასთან, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო პროცესის გამო, ექვს სკოლაში სწავლა ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ სკოლებში გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე, პირველივე სემესტრში ანაზღაურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები