თენგიზ ნასარიძე: პრემიერის ანგარიშში ძირითადი აქცენტები რეალურად ასახავდა იმ გარდატეხას, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს და პოზიტიურ შედეგს, რაც ქვეყანას 11-წლიანმა მმართველობამ მოუტანა

ანგარიში იყო საკმაოდ ფართო და ყოვლისმომცველი, გამოხატავდა იმ პროგრესსა და რეფორმების შედეგს, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც იქნა გაჟღერებული, – ამის შესახებ მთავრობის საქმიანობის ანგარიშის შეფასებისას “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გასული 11 წლის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, რამაც რეალური პოზიტიური შედეგები მოუტანა ქვეყანას.

პრემიერის ანგარიშში დასმული ძირითადი აქცენტები რეალურად ასახავდა იმ გარდატეხას, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს და იმ პოზიტიურ შედეგს, რაც ქვეყანას მოუტანა ბოლო 11 წლიანმა მმართველობამ.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელდა მხარდაჭერის არნახული კამპანია და პროგრამები.
მაგალითად “დანერგე მომავალი” – ეს პროგრამა უკვე 10 წელია მიმდინარეობს.

დაახლოებით 22 ათასი ჰექტარია ახალი ბაღი გაშენებული და ეს პროცესი გრძელდება. შესაბამის სუპერ ინტენსიურ ბაღებზეა საუბარი. აქ არის მაღალტექნოლოგიური მოვლა, კერძოდ ბაღებს უნდა ჰქონდეს თავისი საირიგაციო სისტემა, ეფექტური მორწყვის მექანიზმები. ეს მოცულობა გაშენებული ბაღების არის თანამედროვე ტიპის ბაღები, რომელიც თავის შედეგს ეტაპობრივად იძლევა. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა და მემცენარეობა მყისიერად არ გვაძლევს ეფექტს. ინვესტიციის ჩადებიდან წლებია საჭირო რომ მსხმოიარეობაში შევიდეს. ამ მიმართულებით, სადღაც 2030 წლისთვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის პროდუქციას მოგვცემს. რაც ძალიან დიდი შენატანია ეკონომიკური წინსვლისთვის. გადამუშავების შემდეგ კი დამატებით ღირებულებას შეიძენს. იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი გრძელდება 2030 წლამდე ამ ბაღებს კიდევ არაერთი ჰექტარი შეემატება და შედეგიც მეტი იქნება”,- აღნიშნა ნასარიძემ.

მინისტრის მოადგილემ ღვინის ექსპორტსა და ვაზის გაშენების მიმართულებით არსებულ პროგრესზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ღვინის ექსპორტის მიმართულებით თითქმის 300%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული.

“ვაზი ჩვენი ტრადიციული კულტურაა. აქ აქცენტი ღვინოზეა მეტად გადატანილი და პროდუქციაც შესაბამისია. ბოლო 10 წელში ფაქტობრივად, 50 ათას ჰექტარზე მეტი ვაზი გვაქვს გაშენებული, მაშინ როდესაც 2011-2012 წლებში დაახლოებით, 20-25 ათასი ჰექტარი იყო.
გარდა ამისა, უშუალოდ გადამამუშავებელი ქარხნები, პატარა ქარხნები ან მარნები, არნახული ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით, 2400 გადამამუშავებელ წარმოებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, აქ არის მცირე მასშტაბისაც, როგორიცაა მაგალითად საოჯახო მარნები, მაგრამ ეს საერთო ჯამში, სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. 11 წლის წინ
ასეთი გადამამუშავებელი საწარმო იყო 40-50 დღეს გვაქვს 2500.
ღვინის ექსპორტის მიმართულებით თითქმის 300%-იანი ზრდა გვაქვს. 250 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განვახორციელეთ, 2022 წელს ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი. ვფიქრობთ წელს კიდევ უფრო მეტი დაფიქსირდება. სულ მცირე 5%-იან ზრდას ვვარაუდობთ”,- თქვა მან.

თენგიზ ნასარიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაზრდილ ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსების ძირითადი ნაწილი ფერმერთა მხარდაჭერის კომპონენტზეა გათვლილი.

“688 მილიონი ისეთი მოცულობის თანხაა, რაც ამ სექტორს არ ჰქონია არასდროს. ძირითადი ნაწილი მიმართულია მხარდამჭერი კომპონენტებისკენ, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ფერმერებისთვის. აქ აგროკრედიტს აქვს ყველაზე წონადი ნაწილი. თითქმის 200 მილიონის ფარგლებში ვაპირებთ, რომ ფერმერებს დავუფინანსოთ პროცენტი. 4 წლის განმავლობაში ჩვენ ფერმერებს ვუფინანსებთ საბანკო პროცენტებს. ამას ძალიან დიდი ეფექტი აქვს, მთლიანობაში 10 წლის განმავლობაში აგროსექტორში ინვესტირებულია 7 მილიარდი ლარი, ეს შედარებით იაფ ფულად რესურსებზე წვდომამაც განაპირობა. ამ 7 მილიარდი ლარიდან 2 მილიარდი სახელმწიფოს თანამონაწილეობაა ისეთ პროგრამებში როგორიც არის სწორედ აგროკრედიტი. ეს მოცულობითი ინვესტიცია სწორედ სახელმწიფოს თანადგომით გახდა შესაძლებელი, კერძო სექტორი მარტო ვერ შეწვდებოდა ამ მასშტაბის ინვესტიციას. როდესაც წლების განმავლობაში სახელმწიფოს თანადგომა ასეთი არსებითია, აჩენს სანდოობას და ბიზნესიც უფრო თამამად დებს თანხას ამ მიმართულებით.

საექსპორტო მაჩვენებელიც მზარდი გვაქვს. მილიარდ 300 მილიონი დოლარი გვქონდა შარშან, წელს დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ , ვფიქრობთ 15-20%-იანი ზრდა უნდა გვქონდეს წმინდა საექსპორტო მაჩვენებელში.
ეს ყველაფერი შედეგია იმ 10 წლიანი სწორი პოლიტიკის და სახელმწიფოს თანადგომის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ფერმერების ჩართულობით ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ და ვფიქრობთ, რომ მომდევნო წელი მზარდი დინამიკით იქნება გამორჩეული”,- განმარტა ნასარიძემ.

რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, გლობალური კლიმატის ცვლილებების ფონზე შემარბილებელ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

თანამედროვე გამოწვევების და კლიმატის ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ, ბუნებრივია აქ შემარბილებელი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. ბიომრავალფეროვნების უზრუნველყოფა პრიორიტეტულია.
წლების განმავლობაში ეტაპობრივად ვავითარებდით მაგალითად დაცული ტერიტორიების მიმართულებას. ორჯერ გვაქვს გაზრდილი დაცული ტერიტორიებჯს ფაოდენობა, მთელი ქვეყნის 13% არის დაცული ტერიტორია, სადაც არის უზრუნველყოფილი ბიომრავალფეროვნება. შენარჩუნებულია ენდემური სახეობები. თანამედროვე გამოწვევების პირობებში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე ტყის მასივების გაახლება აღდგენა მუდმივად მიმდინარეობს, წელს უკვე მივაღწიეთ 20 ათას ჰექტარს გაახლებული და აღდგენილი ტყის. პირობითად, 2012 წლისთვის დაახლოებით 100 ჰექტარი იყო ეს მაჩვენებელი.

ჰაერის დაბინძურების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. მაგალითად, უკვე 1-ლი იანვრიდან ავტომობილებზე დაწესდა იმპორტის შეზღუდვა. ყველაზე მნიშვნელოვანი წლევანდელი შოვის ტრაგედიის ფონზე ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებები რომელიც ადრეული გაფრთხილების სისტემების ჩამოყალიბებას გულისხმობს ამაზე აქტიური ნაბიჯები გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში, მომავალ წელს დიდი საქმიანობა გვექნება გაშლილი ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან ვაყალიბებთ მონიტორინგის სისტემებს, უნდა მოხდეს შესაბამისი რუკების შედგენა, რადარების . ეტაპობრივად უნდა შეიკრას მთელი სისტემა რომელსაც, ადრეული გაფრთხილების სისტემას ვეძახით, თუმცა ძალიან კომპლექსური სამუშაოა და ბევრ კომპონენტს მოიცავს.
პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტო მუშაობს სხვადასხვა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, კრიტიკული უბნების შესწავლაზე, მყინვარის მდგომარეობის შესწავლაზე , მეწყერსაშიში და ღვარცოფული უბნები იდენტიფიცირებულია და მომდევნო წლის განმავლობაში გვექნება სამოქმედო გეგმაც.
ასე, რომ გარემოს დაცვის მიმართულებითაც საკმაოდ აქტიური და მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი 2024 წელს”,- აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები