„გაიცანი კომპოზიტორები“ – თეა მუქერიას საავტორო შემეცნებითი კურსი დასრულდა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში თეა მუქერიას საავტორო შემეცნებითი კურსი – „გაიცანი კომპოზიტორები“ უკვე დასრულდა.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან პარტნიორობით განხორციელდა.
როგორც „კვირას“ მუსიკოსმა, „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, შემეცნებითი კურსი განკუთვნილი იყო 10-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის და მოიცავდა 12 შეხვედრას, რის ფარგლებშიც გაეცნენ: ზაქარია ფალიაშვილის, იოჰან სებასტიან ბახის, დომენიკო სკარლატის, გეორგ ფრედერიკ ჰენდელის, იოზეფ ჰაიდნის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ფრანც შუბერტის, რობერტ შუმანის, ფერენც ლისტის, კამილ სენ-სანსის, კლოდ დებიუსისა და მორის რაველის ბიოგრაფიებს, აგრეთვე მოისმინეს მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებები.
კურსის მოსწავლეებს პირველ გაკვეთილზე მუზეუმმა უმასპინძლა, დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი და გაეცნენ ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ამ დღეს კურსით გათვალისწინებულ 12 ევროპელ კომპოზიტორს, ბონუსად დაემატა ზაქარია ფალიაშვილი, რამაც კიდევ მეტი ეროვნული დატვირთვა და მნიშვნელობა შესძინა პროექტს.
პროექტის ფარგლებში მოზარდები კლასიკური მუსიკის ორ კონცერტს დაესწრნენ:
24 ნოემბერს, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ კონცერტს ბავშვებისათვის, სადაც კონცერტის შემდეგ კურსის მოსწავლეებმა თავად იხილეს და გაეცნენ ბაროკოს ინსტრუმენტებს. მეორე კონცერტზე კი უკვე რომანტიზმის ეპოქას ეზიარნენ.
2 დეკემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, სიმფონიური მუსიკის კონცერტს, სადაც იმ დღის გაკვეთილის შემდეგ, უკვე კონცერტზე, შუმანისა და შუბერტის მუსიკა მოისმინეს ცოცხლად.
„ბავშვების მასპინძლობისთვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ: „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მუსიკის მოსმენა ცოცხლად, რასაც გაკვეთილზე სწავლობენ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შთაბეჭდილებები მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ“, – ამბობს თეა მუქერია.
16 დეკემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ბავშვებმა მშობლებს გაუზიარეს აქ შეძენილი ცოდნა და თავიანთი შთაბეჭდილებები, ხოლო კურსის ავტორმა, თეა მუქერიამ სიმბოლური „მადლობის სიგელებით“ დააჯილდოვა კურსის მოსწავლეები. მადლოერების ნიშნად სიგელები ასევე გადასცა ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს მასპინძლობისთვის, თბილისის მუზეუმების გაერთიანებას პარტნიორობისთვის, ხოლო გაერთიანების დირექტორს, ნინი სანადირაძეს მისი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
პროექტის ავტორმა, რა თქმა უნდა მადლობის სიგელი ასევე გადასცა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს, რისი მხარდაჭერის გარეშეც ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
„ეს კურსი ნამდვილად ორიგინალურია, აქ ბავშვებს არ აძლევენ საშინაო დავალებებს, მხოლოდ საინტერესო ამბების და კარგი მუსიკის მოსმენაა. გაკვეთილის დროს ხდება შთაბეჭდილებების გაზიარება, განვლილი მასალის გამეორება კი მხიარული აქტივობებით, რომელიც მოიცავდა ინტელექტუალურ თამაშებს, მუსიკალურ და სახალისო თავსატეხებს.
გაკვეთილების არატრადიციულმა და ინოვაციურმა მიდგომამ განაპირობა ბავშვების და მათ შორის ასევე მშობლების დიდი მოწონება და კურსის გაგრძელების სურვილიც კი. ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ შემეცნებითი კურსი – „გაიცანი კომპოზიტორები“ ერთჯერადი არ იქნება და კიდევ ბევრი ბავშვი ეზიარება კლასიკურ მუსიკას“, – განაცხადა თეა მუქერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები