„ზამთრის სათხილამურო სეზონს წელს ჩვენ სრული მობილიზაციით, სრული მომზადებით ვხვდებით, განახლებული ინფრასტრუქტურით. მიმდინარე წელი იყო გამორჩეული, როგორც წინა წლები და სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ზამთრის კურორტებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და გასაუმჯობესებლად”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გუდაურში 2023-2024 წლის ზამთრის სეზონის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე.
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს ზამთრის კურორტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით გაწეული სამუშაო შეაფასა და ამ კუთხით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში – 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ზოგადად მთა, მთიანი რეგიონების განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოაცხადა და მთის რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.
„ჩვენ შემოვიღეთ ახალი პოლიტიკა, მივიღეთ „კანონი მთის შესახებ”, მთელი რიგი პრეფერენციები დაწესდა მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის თუ ბიზნესებისთვის, იმისთვის, რომ ეკონომიკური აქტივობა მეტად წაგვეხალისებინა და საცხოვრებელი პორობები გაგვაუმჯობესებინა. ამავე დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთაში, კერძოდ, ბოლო წლების განმავლობაში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სახელმწიფომ 800 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ეს მოიცავდა ინვესტიციებს არამარტო გუდაურში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ბაკურიანში, სვანეთში, გოდერძიზე და განახლდა მთელი სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, მათ შორის 28 ახალი საბაგირო გზა მოეწყო”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება წელს გუდაურში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს – დამსვენებლებს ზამთრის კურორტზე ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დახვდებათ – 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, რომელთა გამტარუნარიანობა შეადგენს 1800 – 2400 მგზავრს საათში. ასევე სიახლეა სათხილამურო არეალების მხრივაც – უკვე არსებულ ტრასებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ამასთან, 70 კმ სიგრძის ტრასას 6 კმ სიგრძის სრულიად ახალი სათხილამურო არეალი ემატება. კურორტს ინფრასტრუქტურის განახლების პროცესის ფარგლებში შეემატა სრულიად ახალი სპეც.ტექნიკა – თოვლსატკეპნი და თოვლმავალი. გუდაურში წელს ასევე ყველა საბაგიროზე განახლდა უკონტაქტო გამშვები პუნქტები, დამონტაჟდა ახალი საინფორმაციო მონიტორები, კურორტი აღიჭურვა ახალი საგზაო და სათხილამურო მანიშნებლებით და მოეწყო 2 ახალი სველი წერტილი. მნიშვნელოვანია, რომ გუდაურს ამ სეზონზე ახალი სამაშველო შენობა ექნება.
გუდაურის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტში ჯამში დაახლოებით 70 მლ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ეკონომიკის მინისტრმა დღეს მადლობა გადაუხადა სამინისტროს მთელ გუნდს, მთის ტრასების სააგენტოს, რეგიონის ხელისუფლებას, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუზოგავად, კოორდინირებულად იმუშავა მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოში წარმატებული ზამთრის საკურორტო სეზონი იყოს, არამხოლოდ გუდაურში, არამედ სხვა კურორტებზეც. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებს მთის კურორტების განვითარების მიმართულებით მუშაობას, რათა ქვეყანაში მეტი სპორტული არეალები იყოს და შესაბამისად, მეტი დაინტერესებული ვიზიტორებისა და ტურისტების მოზიდვა მოხდეს.
„2023 წელი გამორჩეულია საქართველოში – ბაკურიანში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში. მსოფლიოში მხოლოდ ორი ათეული ქვეყანაა, სადაც ასეთი პრესტიჟული ტურნირები ტარდება და რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველია სამთო-სათხილამურო სპორტით დაინტერესებული ტურისტებისთვის. საქართველო ისეთი ქვეყნების რიგშია, როგორებიცაა საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, ავსტრია და ა.შ. და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რადგან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ყოველ წელს ჩატარდეს მსოფლიო თასის ეტაპები. ეს ყველაფერი ჩვენი ზამთრის კურორტების ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.