გივი თარგამაძის განმარტება მისსავე ფრაზაზე – “სულს ამოგხდით”

  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“მანანა კობახიძის აზრით (რომელსაც ის მაესტროს თოქ-შოუში პირადად მიყალიბებდა და უჩემოდაც ათასჯერ წამოუძახია თანაგუნდელების დარად): რუსების მიერ პატარკაციშვილის ხელით ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების მცდელობის პიკზე ჩემი ნათქვამი ფრაზა, ვისაც რევანში და რუსთაველზე რუსეთის დროშების ფრიალი გინდათ, სულს ამოგხდით – პირდაპირი მნიშვნელობით იყო ნათქვამი, თითოეულ ქართველს ეხებოდა და პირსისხლიანობის დასტურს წარმოადგენდა; ამავე დროს, მისივე აზრით: მის მიერ ნათქვამი, რომ პირადად მას ვინც აკრიტიკებს ან ლანძღავს, მისმა ოჯახის წევრებმა დანით, ან იარაღიდან შუბლის გახვრეტით სიცოცხლეს რომ გამოასალმონ, არავის უნდა გაუკვირდეს – პირდაპირი მნიშვნელობით საზოგადოებამ არ უნდა განიხილოს და მისი შეურაცხყოფილი შინაგანი სამყაროს ანალიზით უნდა დაკავდეს. მე საქართველოს მტრებზე ვსაუბრობდი, რომლებიც ამ მტრობას იმ წუთებში ახორციელებდნენ კიდეც და შესაძლოა უხეში, მაგრამ მაინც განზოგადოებული ფორმა ვიხმარე; ქალბატონი მანანა მხოლოდ მიუღებელი სიტყვებით და არა რაიმე მოქმედებით მისთვის პირადი დისკომფორტის შემქმნელებს სრულებით კონკრეტული ადამიანებისგან სრულებით კონკრეტული, ლეტალური შედეგის მომტანი, ღონისძიებებით დაემუქრა. შეიგრძენით განსხვავება”, – წერს გივი თარგამაძე ფეისბუქზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს – “როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ აი მერე მეუღლემ, ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები