ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, კონკურსის კომისიის წევრები, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
წელს ლიტერატურული პრემია „ანა“ გადაეცათ:
• ნომინაციაში „ქალი პოეტი“ – ირმა ბერიძეს, კრებულისთვის „კაცმა დარეკა“ და ლელა (მარინე) გაბურს, კრებულისთვის – „ფითრის ბილიკზე“;
• ნათია როსტიაშვილს, ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“, წიგნისთვის „სხვა სკოლა“;
• მარინა ბალავაძეს, ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“, ჟან-პოლ სარტრის წიგნის თარგმანისთვის – „რა არის ლიტერატურა?“;
• ნომინაციაში „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“ კონკურსი არ შედგა.
გამარჯვებულებს კონკურსის სიმბოლოები და ფულადი პრემიები (5000 ლარი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადაეცათ.
გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მაკა ჯოხაძე – მწერალი, პუბლიცისტი, ფილოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე; ავთანდილ არაბული – აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი, ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი; თამილა წოწორია – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი, კრიტიკოსი; ანდრო ბუაჩიძე – მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი.
საზეიმო ღონისძიების რეჟისორი გოჩა კაპანაძე გახლდათ; საღამოს უძღვებოდნენ მსახიობები – ლიზა რუხაძე, ცოტნე მეტონიძე, ანა მატუაშვილი; ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: ნუკრი კაპანაძე, ნათია პერანიძე, ნინო გულიაშვილი.
მაყურებელმა დიდ ეკრანზე ასევე იხილა ნაწყვეტები ანა კალანდაძის შემოქმედებიდან.
ლიტერატურული პრემია „ანა“, რომელიც დიდი ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის, სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება, საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2022 წელს დააფუძნა და ის ყოველწლიურია. კონკურსის ძირითადი მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.
2022 წელს, ამავე კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ: მარიამ ძიძიგური (წიკლაური), ნომინაციაში „ქალი პოეტი“, კრებულისთვის „რისკჯგუფი“; ნორა სიხარულიძე, ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“, წიგნისთვის „სარკმელი“; თამარ ლომიძე, ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“, აირის მერდოკის რომანისთვის „ზღვა, ზღვა“ (გამომცემლობა „დიოგენე“).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. საკონკურსოდ განიხილება პრემიის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
კონკურსი მიმდინარე წლის 26 ივლისს გამოცხადდა. ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კულტურის სამინისტროს 27 განმცხადებელმა მომართა.