რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთში ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს

  საქართველოსა და თურქეთში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს. საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს მეჰმედ გორმეზს გუშინ შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ერთობლივი განცხადების გაკეთებამდე საპატრიარქოში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და თურქეთის რელიგიურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმეზიმ მიმართეს.
ერთობლივი განცხადების შინაარსი საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ წაიკითხა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მეჰმედ გორმეზის ვიზიტს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ყველა იმედით უყურებს მათ ურთიერთობას.
“ძალიან კარგი გამოხმაურება არის თქვენს ვიზიტზე. ყველა იმედით უყურებს ჩვენს ურთიერთობას და ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს იმედები. ორივე მხარის დელეგაციებმა შეადგინეს ერთობლივი განცხადება, რომელიც თურქულად და ქართულად და გამოქვეყნდება პრესაში”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
თავის მხრივ, მეჰმედ გორმეზიმ მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე მეუფეებს სამდღიანი მასპინძლობისთვის. მან გაიხსენა მაისში პატრიარქის თურქეთში ვიზიტი და ამ ვიზიტს ისტორიული უწოდა.
ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს კაცობრიობას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა და ამაში სასულიერო პირებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ.
“მეც მჯერა, რომ ჩვენ გავამართლებთ მათ იმედებს, ვინც იმედის თვალით უყურებს ჩვენს ვიზიტებს”, – აღნიშნა თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორ მეზობელ ქვეყანას, თურქეთსა და საქართველოს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებთ. განცხადების თანახმად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს. სულ უფრო ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო-ეკონომიკური და კულტურულ სფეროში. სხვადასხვა რელიგიებს შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტების განმტკიცების მნიშვნელობიდან გამომდინარე ურთიერთობები ღრმავდება რელიგიურ საკითხებთან მიმართებაშიც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაისის თვეში თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის მეჰმედ გორმეზის მიწვევით პატრიარქი იმყოფებოდა თურქეთში, ასევე აღნიშნულია ისიც, რომ პროფესორი, დოქტორი მეჰმედ გორმეზი დღეს საქართველოში ილია მეორის მოწვევით იმყოფება და მისი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების შემდგომი დაახლოებისათვის.
განცხადებაში ჩაწერილია, რომ 12 სექტემბრის შეხვედრაზე მხარეებმა დაასახელეს თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამმართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიათაშორისი ერთობლივი ჯგუფის შემადგენლობა, რომლის შექმნის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თურქეთში ვიზიტის დროს დაიბადა.
“გამოითქვა მოსაზრებები ამ ჯგუფის მიერ ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ და იმედი იმისა, რომ ნაყოფიერი საქმიანობის შედეგად მოსახლეობაში როგორც თურქეთში, ისე საქართველოში შეიქმნება უფრო სწორი წარმოდგენები რიგ რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით და განვითარდება ჯანსაღ ურთიერთობებზე დამყარებული თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა დაგმეს ისლამის სახელით განხორციელებული ძალისმიერი ფაქტები, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან, გამოითქვა ერთობლივი წუხილი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში მზარდი ისლამოფობიის გამო.
“მხარეებმა განაცხადეს, რომ არც ერთი აღმსარებლობისათვის მისაღები არ არის ძალმომრეობა, ტერორი და ექსტრემიზმი, რა მიზეზითაც და მიზნითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებული, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ამგვარ ქმედებებს ჩადიან, არავითარი კავშირი არ აქვთ რელიგიასთან და რწმენასთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მასში ასევე გამოთქმულია სურვილი, რომ ორ მხარეს შორის დაწყებული დიალოგი და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს და აქტიური გახდეს.
ამასთან, თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეჰმედ გორმეზი დღეს ბათუმში ჩავა, საიდანაც იგი თურქეთში გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები