ჩვენ თანდათან ვატარებთ დედოლარიზაციისა და ჰეჯირების პოლიტიკას, ნაკლებად რომ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებში გატარებულ მონეტარულ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დღეს პარლამენტში დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.
თურნავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას გავლენა უნდა ჰქონდეს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე, თუმცა, ამ დროისთვის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხები დაახლოებით 23 მილიარდი ლარის ეკვივალენტია.
„რა შეგვიძლია ჩვენ ამ შემთხვევაში? მაგალითად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მივიღეთ გადაწყვეტილება და კომერციული ბანკებისთვის შევამცირეთ სავალდებულო რეზერვის ნორმა 5%-ით, რამაც მათ გარკვეულწილად დამატებითი ლიკვიდურობა და მოქნილობა შესძინა. ამის პირველი შედეგები აისახა იმაში, რომ წამყვანმა ბანკებმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაიწყეს სესხების გაიაფება, ახალ სესხებზეა საუბარი.
მაგრამ ბუნებრივია, როცა ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში მთლიანი სასესხო პორტფელის 55% არის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული, ჩვენ ამის მთლიანად შერბილების რესურსი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჰეჯირებისკენ.
„ანუ სავალუტო კურსის რყევებისგან და საპროცენტო რისკებისგან ჩვენი მსესხებლის დაცვის პოლიტიკა ეს არის, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც ძირითადი შემოსავალი აქვთ ლარში, რა თქმა უნდა უმჯობესია და ლოგიკურია, რომ სესხებსაც ლარში აიღონ. რადგან ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად შემცირდება, იმ ფონზე, როცა ჩვენ ვამსუბუქებთ მონეტარულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა თუკი კონკრეტულ შემთხვევებში მომხმარებელი თვლის რომ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული და აქვს ამის მტკიცებულება და ვარაუდობს რომ მისი უფლებები რაღაცნაირად დაირღვა, მას შეუძლია მიმართოს როგორც ბანკებს ასევე ეროვნულ ბანკს, რადგან შესაბამისი სამსახური განიხილავს ასეთ საჩივრებს“, – განაცხადა თურნავამ.