კულტურის სამინისტრო ზვიად ბოლქვაძეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს
ზვიად ბოლქვაძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობას იგი მომავალი წლიდან შეუდგება. ზვიად ბოლქვაძე თანამდებობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარადგინა.
„ზვიად ბოლქვაძე სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობს. იგი არის ცნობილი კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, დირიჟორი და არანჟირებების ავტორი. მის საგუნდო და სიმფონიურ მუსიკას ხშირად ასრულებს სხვადასხვა კოლექტივი. 2008 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის (ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი), კომპოზიტორი, სოლისტი და დირიჟორი. 1997-2000 წლებში იყო ბათუმის სახელმწიფო კაპელა-გუნდის მსახიობი. 2012 წლიდან დღემდე არის ბავშვთა გუნდ „ანა-ბანას“ დირიჟორი, 2016 წლიდან დღემდე – გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელმწიფო კამერულმა გუნდმა (ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა), ზვიად ბოლქვაძის მონაწილეობით, სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლებისა და ფოლკლორის 20-ამდე ნიმუში შეასრულა, მათ შორის: „ოროველა“, „შენ ხარ ვენახი“,„ჩაკრულო“, „,ლილე“, „ოდოია“, „წმიდაო ღმერთო“ და სხვ. სიქსტის
კაპელაში პირველად აჟღერდა ქართული საგალობლები, ამის შემდეგ კი მგალობელთა გუნდმა ქართული საგალობლები წმინდა პეტრეს ტაძარში შეასრულა. ტრადიციულ მუსიკასთან ერთად ამ ისტორიულ კონცერტზე შესრულდა თანამედროვე ქართული საგუნდო მუსიკის შედევრებიც – იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის, იოსებ ბარდანაშვილისა და ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები, განსაკუთრებული მოწონება კი ვაჟა-ფშაველას ლექსზე შექმნილმა მისმა შედევრმა – „წუთისოფელმა“ დაიმსახურა, რომელშიც სოლო თავად ავტორმა შეასრულა.
ზვიად ბოლქვაძემ 2022 წელს შექმნა მუსიკა მონოდრამისთვის – „The Passion of Medea“ (ოთარ ჭილაძის ტექსტის მიხედვით, ინსცენირების ავტორი და რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე). ზვიად ბოლქვაძე მონაწილეობს არაერთ სატელევიზიო პროექტში. კონცერტებს მართავს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (შვეიცარია, ისრაელი, საფრანგეთი, აშშ, ბელგია, პოლონეთი, იტალია, ჰოლანდია, უკრაინა, აზერბაიჯანი).
2022 წელს კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. 2023 წელს „The Passion of Medea“ დასახელდა თეატრალური სეზონის საუკეთესო ორიგინალურ მუსიკად.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზვიად ბოლქვაძეს საინტერესო და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.