გიორგი კვირიკაშვილი ურუმჩიში ჩინური ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

  საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში სინძიან-იუღურეთის ავტონომიურ რაიონში გრძელდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროძში აცხადებენ, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები იმ ჩინურ კორპორაციებთან გამართა, რომლებიც საქართველოში ან უკვე საქმიანობენ, ან ბიზნესის დაწყების მიზნით სამომავლოდ განიხილავენ.
ჩინური კორპორაციების წარმომადგენლების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია როგორც საქართველოში შექმნილმა ბიზნეს-გარემომ, ასევე იმ შესაძლებლობებმა, რომელსაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედება იძლევა. საუბარია ინვესტირებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა წარმოება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ პოლიტიკური ნება საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა ჩინეთის პოლიტიკურ და ბიზნეს-წრეებში ერთმანეთს დაემთხვა. ამდენად, საქართველომ ეს მომენტი უნდა გამოიყენოს საიმისოდ, რომ მისი საწარმოო პოტენციალი ჩინელ ინვესტორებს შესთავაზოს.
სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა კორპორაცია “ჰუალინგ ჯგუფის” ხორცის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა, რომელიც პროდუქციას საექსპორტოდ ამზადებს.
“ჰუალინგი”, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე ასეული მილიონის დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საქართველოში მეცხოველეობის ფერმისა და ხორცის გადამამუშავებელი მსხვილი საწარმოს აშენებას გეგმავს, რათა ე.წ. “მწვანე პროდუქტი” აწარმოოს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა განიხილავს “ჰუალინგ ჯგუფისთვის” ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭების საკითხს, რომელიც საექსპორტო პროდუქციას გამოუშვებს”, – განმარტავენ სამინისტროში.
ასევე ვიცე-პრემიერმა ქალაქ ურუმჩიში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი, დაათვალიერა რომელიც “ჰუალინგ ჯგუფს” ეკუთვნის. ჩინური კომპანია მსგავსი კომპლექსის აშენებას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავს.
მინისტრმა ასევე მოინახულა კორპორაცია TBEA-ს სათაო ოფისი და საწარმო, რომელიც ენერგეტიკის სფეროში დანადგარებს ამზადებს და ამ მხრივ, ჩინეთის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესია. გიორგი კვირიკაშვილმა და ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელმა ხუან ხანჟდეიმ კორპორაციის ეზოში სიმბოლურად ხე დარგეს. გიორგი კვირიკაშვილმა TBEA-ის ხელმძღვანელობას საქართველოში წარმოების გახსნა შესთავაზა.
“საქართველოს ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას მივიღეთ ძალიან საგულისხმო ინფორმაცია ადგილობრივი ენერგეტიკული კომპლექსის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდით და უახლოეს პერიოდში საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გამოვაგზავნით, რათა მათ ადგილზე შეისწავლონ ვითარება. ჩვენ უკვე ვსაქმიანობთ ცენტრალურ აზიაში, საქართველო კი ამ რეგიონს ესაზღვრება და ამდენად, იმედი გვაქვს, შევძლებთ წარმატებული თანამშრომლობის განვითარებას ენერგეტიკის სექტორში”, – განაცხადა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელმა.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა ქალაქ ურუმჩის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები