აშშ-მა რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას გულისხმობდა, ვეტო დაადო

აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოში არაბეთის გაერთიანებული საამიროების რეზოლუციის პროექტს, რომელიც ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებდა, ვეტო დაადო. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მათივე ცნობით, რეზოლუციას მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა. წინააღმდეგი იყო შეერთებული შტატები, დიდმა ბრიტანეთმა კი კენჭისყრისგან თავი შეიკავა. პროექტის თანაავტორი გაეროს 97 წევრი ქვეყანა გახდა.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებდა ღაზაში ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოთხოვნას, რომ ყველა მხარემ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, დოკუმენტში გამოხატულია „ღრმა შეშფოთება ღაზას სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციისა და პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის გამო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები