თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელი ღაზაში არა მარტო ქალებსა და ბავშვებს, არამედ ჟურნალისტებსაც კლავს, რომლებიც ცდილობენ რთულ პირობებში იმუშაონ.
როგორც მან სტამბოლში TRT World Forum 2023-ზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციები პასუხისმგებელნი არიან მსოფლიოს უუნარობაზე დაამყარონ გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება და მოაგვარონ პრობლემები.
„გლობალური მედიასაშუალებები ცდილობენ დაფარონ ღაზაში მომხდარი სისასტიკე და დააკანონონ ჟურნალისტების ხოცვა „ჰამასის“ საბაბით. ყოველდღე კლავენ ჟურნალისტს, თუმცა ინსტიტუტებიდან, რომლებიც წლების განმავლობაში ქადაგებდნენ პრესის თავისუფლებაზე, მხოლოდ სიჩუმე გვესმის“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, ღაზაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.
„სად არის მსოფლიოში ცნობილი პრესა? რატომ არ აქვეყნებენ სათაურებს მოკლული ჟურნალისტების შესახებ?“, – დასძინა ერდოღანმა.