ანტონიო გუტერეში: ღაზას სექტორში მცხოვრები ხალხი უფსკრულს უახლოვდება – მოქმედების დროა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სიტყვით გამოვიდა გაეროს სხდომაზე, სადაც ღაზაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
სხდომაზე მოგვიანებით კენჭისყრა ჩატარდება იმის შესახებ, მოითხოვონ თუ არა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა.
„ღაზას სექტორში მცხოვრები ხალხი უფსკრულს უახლოვდება და საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის შესამსუბუქებლად“, – აღნიშნა გუტერეშმა.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა სხდომაზე შეკრებილებს განუცხადა, მათ უნდა მოუწოდონ მხარეებს დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და მათთვის სამაშველო დახმარების სასწრაფო მიწოდებისთვის.
„მსოფლიო და ისტორია გვიყურებს. მოქმედების დროა“, – დასძინა მან.