„რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მიღწევის ისტორიული შანსი არსებობს“ – სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იზიარებენ მოსაზრებას, რომ რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მიღწევის ისტორიული შანსი არსებობს.

ორი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯების გადადგმის შესახებ.

კერძოდ, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი 32 სომეხ, სომხეთი კი ორ აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს.

„როგორც კეთილგანწყობის ჟესტი, სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინადადებას – უმასპინძლებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიას (COP29) საკუთარი კანდიდატურის მოხსნით. სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის მასპინძლობის წინადადებას. კარგი ჟესტის ნიშნად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მხარს უჭერს სომხეთის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის COP ბიუროს წევრობისთვის.

სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა გააგრძელებენ დისკუსიებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეფექტური იქნება უახლოეს მომავალში და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას და დადებით გავლენას მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები