კვლევა: გამოკითხული რუსების 70%-ს სურს, პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ფონდმა „საზოგადოებრივმა აზრმა“, რომლის მთავარი დამკვეთი რუსეთის ადმინისტრაციაა, კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით მოსახლეობის 70%-ს სურს, რომ კრემლის ამჟამინდელმა ლიდერმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი.

ამის შესახებ ფონდის პროექტების მმართველმა დირექტორმა, ლარისა პაუტოვამ განაცხადა.

კვლევა ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში ჩატარდა და მასში 6100-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ 15%-ს მიაჩნია, რომ პუტინმა თანამდებობა უნდა დატოვოს, მაგრამ სხვა თანამდებობაზე დარჩეს; 8%-ს მიაჩნია, რომ პუტინი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს; 7%-ს პასუხი არ აქვს.

რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, რა შეგრძნებას იწვევს მათში პუტინი: 44%-ში – ნდობას; 34% – იმედს; 31% – სიმშვიდეს, მომავლის რწმენას; 30% – სიამაყეს; 16% – მადლიერებას; 9% – სიმპათიას და სიყვარულს.

ამავე დროს, მხოლოდ 11%-ში იწვევს პუტინი შფოთვას; 7% – იმედგაცრუებას; 6% – უნდობლობას; 3% – შიშს; 3% – სირცხვილს; 2% – ანტიპათიას; 4% გულგრილია და 3%-ს პასუხის გაცემა უჭირს.

გამოკითხულთა 67%-მა თქვა, რომ პუტინის საქმიანობა მათნაირი ადამიანების ინტერესებს აკმაყოფილებს; 22%-მა კი განაცხადა, რომ არა.

კითხვაზე, აქვთ თუ არა რუსეთში ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზება შესაძლებლობა, 77% მიაჩნია, რომ -კი; მხოლოდ 15% ამბობს, რომ არა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები