ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ხმამაღლა ილაპარაკოს ქალების გაუპატიურებაზე, სისასტიკესა და დასახიჩრებაზე, რასაც ადგილი ჰქონდა ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმების დროს.
პოლიტიკოსი ელოდება, რომ ყველა “ცივილიზებული ლიდერი, მთავრობა, ერი დაგმობს ამ სისასტიკეს”.
„მე ვეუბნები ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს: გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ წინააღმდეგ საშინელი სისასტიკის, სექსუალური დასახიჩრების შესახებ – სად ჯანდაბაში ხართ?” – განაცხადა ნეთანიაჰუმ მოსახლეობისადმი მიმართვის დროს.
BBC-ის ჟურნალისტებმა მოინახულეს და მოისმინეს იმ ქალების ისტორიები, რომლებიც “ჰამასმა” 7 ოქტომბერს გაიტაცა.
რამდენიმე ადამიანმა, რომელიც თავდასხმის შედეგად მოკლულთა ცხედრების შეგროვებასა და იდენტიფიკაციაში მონაწილეობდა, გამოცემასთან საუბარში თქვა, რომ ნახეს ქალებზე სექსუალური ძალადობის მრავალი ნიშანი, მათ შორის, მენჯის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები და ჭრილობები.
მათი თქმით, მსხვერპლთა შორის იყვნენ როგორც ბავშვები, ასევე, პენსიონერი ქალები.