თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელს ღაზას სექტორში ჩადენილი “დანაშაულებისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს”.
ამის შესახებ მან დოჰაში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე გამოსვლისას თქვა.
ერდოღანმა ისრაელის პრემიერი ასევე დაადანაშაულა იმაში, რომ “საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისთვის ის რეგიონს საფრთხეს უქმნის”.
“ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია საფრთხეს უქმნის მთელი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს, რათა გაახანგრძლივოს მისი პოლიტიკური ცხოვრება. 17 000 პალესტინელის, ძირითადად, ბავშვებისა და ქალების დაღუპვა – კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულია. ისრაელს ეს დანაშაულები არ უნდა შერჩეს”,- თქვა ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანის მიერ სიკვდილიანობის შესახებ მოყვანილი ციფრი “ჰამასის” ჯანდაცვის უწყების მაჩვენებელს სცდება. ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ, 7 ოქტომბრიდან დღემდე, 15 800 პალესტინელია დაღუპული.