Politico: მაკრონმა ორბანი მიიწვია, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით აზრი შეაცვლევინოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი პარიზში კვირის ბოლოსთვის მიიწვია, რათა მიაღწიოს კომპრომისს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ცნობილია, რომ ორბანი ასეთი მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ Politico წერს.

როგორც გამოცემას პარიზში წყარომ განუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნგრეთის ლიდერის დარწმუნება ჯერ კიდევ შეიძლება.

ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ორბანმა „ფსონები გაზარდა“ ევროკავშირისგან მეტი ფულის მისაღებად.

„ეს წმინდა ტაქტიკური მომენტია, ამიტომ, არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“, – აღნიშნა გამოცემის თანამოსაუბრემ.

ევროკავშირის სხვა ქვეყნის დიპლომატმა ორბანის მუქარას “პოლიტიკური სპექტაკლი” უწოდა: “კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი წერილი ბუდაპეშტიდან. რა არის ახალი?”

თუმცა, ევროკავშირის მესამე ქვეყნის კიდევ ერთმა დიპლომატმა თქვა, რომ ორბანი სულ უფრო შეურიგებელი ხდება. მისი აზრით, ორბანმა ამჯერად, როგორც ჩანს, ნამდვილად აჩვენა, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიციას არ დათმობს, ევროკავშირისგან მეტი ფულის მიღების შემთხვევაშიც კი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები