“ანტისოციალისტური ქცევა” – კიმ ჩენ ინმა ქალებს მეტი შვილის გაჩენისკენ მოუწოდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში შობადობის შემცირების გამო შეშფოთება გამოთქვა.
დედათა მეხუთე ეროვნულ შეხვედრაზე მან შობადობის შემცირება ახალგაზრდებში „ანტისოციალისტური ქცევის მზარდ პრობლემას“ დაუკავშირა და ქალებს „პარტიისთვის, რევოლუციისა და ქვეყნისთვის“ რაც შეიძლება მეტი შვილის გაჩენისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება.
თავის გამოსვლაში კიმ ჩენ ინმა არა მხოლოდ მადლობა გადაუხადა “გმირ ქალებს, რომლებმაც ბევრი შვილი გააჩინეს, დედებს, რომლებიც უვლიან ობლებს და ფხენიანისა და რეგიონალური ქალთა კავშირის წარმომადგენლებს”, არამედ თქვა, რომ მიმდინარე შეხვედრა აუცილებელია, რათა მოხდეს “ამოცანებისა და საშუალებების განხილვა, რომ ჩვენმა დედებმა აიღონ პასუხისმგებლობა და შეასრულონ ის როლი, რომელიც საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე აქვთ აღებული”.
სააგენტო აღნიშნავს, რომ დამსწრეები „აცრემლებული თვალებით უსმენდნენ გულკეთილი მამის მიმართვას და იყვნენ სავსე სიყვარულითა და რწმენით“.
კიმ ჩენ ინმა შობადობის პრობლემას ხაზი 2021 წელსაც გაუსვა.