ინდოეთში, მანიპურის შტატში, სადაც ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები მაისიდან გრძელდება, ორმხრივ სროლას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ გაზეთი Indian Express-ი წერს.
როგორც გამოცემას ძალოვან უწყებაში წყარომ უამბო, ცხედრები ტენუპალის რაიონში იპოვეს.
მანიპურის შტატში ძალადობა და შეტაკებები მაისიდან მიმდინარეობს და დაკავშირებულია მეიტეების თემის მოთხოვნასთან, რომ ინდოეთში დარეგისტრირებული ტომის სტატუსი მიიღოს. ამ მოთხოვნებმა გამოიწვია კუკიელების პროტესტი, რომლებიც შტატის ძირძველ მოსახლეობას წარმოადგენენ. პროტესტის ნიშნად, მათ გამართეს “ტომობრივი სოლიდარობის მარში”, რომლის დროსაც არეულობა დაიწყო.
განახლებული მონაცემებით, შეტაკებების შედეგად სულ 142 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაკარგულად მიიხნევა. ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ შეტაკების დროს დაფიქსირდა ცეცხლის წაკიდების 5053 შემთხვევა, დააკავეს 181 ადამიანი და 6745 ადამიანი პატიმრობაშია.