“რუსეთმა შესაძლებლობების აღდგენა დაიწყო, რაც ბალტიის ქვეყნებისთვის საფრთხეს შეიცავს” – ნატოს გენერალი
ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთის კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იურგენ-იოახიმ ფონ ზანდრარტი მიიჩნევს, რომ, უკრაინაში ომის მიუხედავად, რუსეთი თავის საბრძოლო შესაძლებლობებს აღადგენს, რაც საფრთხეს უქმნის ბალტიის რეგიონს.
ამის შესახებ მან LRT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთი ერთგულია უკრაინის წინააღმდეგ თავისი უკანონო ომის მიმართ, მაგრამ მან უკვე დაიწყო და გააგრძელებს საკუთარი შესაძლებლობების აღდგენას და ეს ბალტიის ზღვის რეგიონისთვის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს“, – თქვა ფონ ზანდრატმა.
ამასთან დაკავშირებით მან აღიარა, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი მართალია, როდესაც ამბობს, რომ “რუსეთი ახორციელებს რესურსების მობილიზებას ნატოს წინააღმდეგ”.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასწორია იმის დაჯერება, თითქოს, რუსეთისგან თავდაცვა მხოლოდ დრონების და საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენითაა შესაძლებელი.
„გაერთიანებული სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, კიბერ და რბილი ძალები – ყველაფერი ეს ჯერ კიდევ განსაზღვრავს ბრძოლის ველს“, – დასძინა მან.