ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში ჩასვლისას სიფრთხილე გამოიჩინონ
ისრაელის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ათეულობით უცხო ქვეყანაში ვიზიტისას მოქალაქეებისთვის საფრთხის დონე გაზარდა, ამავდროულად, რუსეთში ჩასვლაზე ამოქმედებულია საფრთხის მეორე დონე, რაც ნიშნავს იმას, რომ ისრაელის მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საფრთხის დონე გაზრდილია დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნებისთვის, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიისთვის; სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის – ბრაზილიისა და არგენტინის ჩათვლით; ასევე, ავსტრალიისა და რუსეთისთვის საფრთხე მე-2 დონემდეა ამაღლებული.
საფრთხის დონე აფრიკის ქვეყნებისთვის, მათ შორის, სამხრეთ აფრიკისა და ერითრეისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის; უზბეკეთისთვის, ყაზახეთისთვის, ყირგიზეთისა და თურქმენეთისთვის გაზრდილია მე-3 დონემდე.
მაქსიმალური, საფრთხის მე-4 დონე მოქმედებს ახლო და საშუალო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის, თითქმის ყველა ქვეყნისთვის, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში მყოფ მოქალაქეებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევენ.