ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების შეთანხმებას ვეტო დაადო
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანმანქანების მიწოდებას ითვალისწინებს. დოკუმენტი პარლამენტს ახალი განხილვისთვის დაუბრუნდა.
ამის შესახებ ტელეკომპანია Nova პრეზიდენტის პრესცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.
რადევმა თქვა, რომ დეპუტატებმა ვერ შეძლეს, ობიექტურად შეეფასებინათ, იყო თუ არა აღჭურვილობა მოძველებული და საჭიროა თუ არა ის თავად ბულგარეთისთვის.
მისივე თქმით, კანონის მიღებისას არ იყო ასევე გათვალისწინებული ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის საჭიროებები და სახანძრო უსაფრთხოება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები.
რადევის თქმით, ჯავშანტექნიკა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბულგარეთის საზღვრის დასაცავად და მოსახლეობისთვის დახმარების გაწევისთვის კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების შემთხვევაში, მათ შორის, ძნელად მისადგომ ადგილებში.
უკრაინასა და ბულგარეთს შორის ხელშეკრულება ზაფხულში დაიდო, აგვისტოში მას ხელი სოფიაში მოაწერს, ხოლო 13 ნოემბერს უკრაინაში. ვინაიდან შეთანხმება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ეხება, მისი რატიფიცირება ბულგარეთის პარლამენტში უნდა მომხდარიყო.
აღსანიშნავია, რომ ჯავშანტექნიკა, რომელზეც რადევი საუბრობს, 1980-იანი წლებიდან ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში იმყოფება.