Le Figaro: საფრანგეთი სომხეთში 50 ჯავშანმანქანა Bastion-ს აგზავნის
საფრანგეთმა სომხეთში 24 ჯავშანმანქანა – Arquus MK3 გაგზავნა, რომელიც ცნობილია, როგორც Bastion-ი. პარიზი დამატებით კიდევ 26, ამავე მოდიფიკაციის მანქანას გაგზავნის, რომლებიც ამჟამად “წარმოებაშია”.
ამის შესახებ საფრანგეთის სენატის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2024 წლის ფინანსური კანონპროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა, – წერს Le Figaro.
სენატორების ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად სომხეთისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემების Mistral 3-ის მიწოდების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ამ კუთხით, ანგარიშის ავტორები გამოდიან რეკომენდაციით, რომ მოხდეს საარტილერიო სისტემების Caesar-ის მიწოდების საკითხის შესწავლა, ამ აღჭურვილობის ეფექტურობისა და 2024 წელს Nexter-ის ახალი წარმოების სიმძლავრის გათვალისწინებით”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ოქტომბერში გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთი აპირებს, დაეხმაროს სომხეთს საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაში სამი რადარის გაყიდვით და „მისტრალის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამომავლო მიწოდებაზე შეთანხმების გაფორმებით.
ბაქომ პარიზის გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკა, ამის გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა – ილჰამ ალიევმა გრანადაში მოლაპარაკებებში მონაწილეობა გააუქმა.
ამავე დროს, სენატორების ანგარიში ადასტურებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს, რომ Bastion-ის პირველი პარტია ფოთში ჩავიდა, საიდანაც მანქანები ერევანს რკინიგზით მიეწოდა.