მედია: ომის დასრულების შემდეგ, ნეთანიაჰუს არჩევნების ჩატარება სურს

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მმართველ პარტია “ლიკუდში” საკუთარ პოზიციებს ამოწმებს და, სავარაუდოდ, ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის დასრულებისთანავე, არჩევნებს ჩაატარებს.

ამის შესახებ გაზეთი Yedioth Ahronoth-ი პარტიაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ბოლო დღეებში პრემიერმა, თავისი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, “ლიკუდის” პარტიიდან პარლამენტის ზოგიერთ წევრთან შესახვედრად დრო გამონახა და ამის მიზანი იყო “პარტიაში არსებული ატმოსფეროს შემოწმება, 7 ოქტომბრის მოვლენების ფონზე, პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნის ფარგლებში”.

“ნეთანიაჰუს ეშინია შემცვლელზე საუბრების და სურს, დარწმუნდეს, რომ არავინ შეუერთდება მის წინააღმდეგ გადატრიალებას. მას სურს, “ლიკუდის” “პულსი მოსინჯოს” და ორი მთავარი მესიჯი გააჟღეროს: ის გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე და ის ერთადერთია, ვინც პალესტინის სახელმწიფოს შექმნას შეუშლის ხელს. გაჩნდა განცდა, რომ ის ომის შემდეგ მიზნად არჩევნების ჩატარებას ისახავს”, – თქვა “ლიკუდის” ერთ-ერთმა წევრმა.

გამოცემის წყაროს ცნობით, პრემიერმინისტრი თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს.

Yedioth Ahronoth წერს, რომ ბოლო დღეებში “ლიკუდში” თავშეკავებული დისკუსია მიმდინარეობს “ომის შემდგომ პერიოდზე”.

პარტიის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ პარტია მანამდე განიხილავდა ნეთანიაჰუს სხვა კანდიდატით შეცვლის შესაძლებლობას. ერთ-ერთი კანდიდატი იყო პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქსენეტის წევრი – იული ედელშტაინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები