„ჭეშმარიტად ღირებული ისაა, რასაც სხვებისთვის ვაკეთებთ და ვზრუნავთ“ – პოეტი, ბავშვობის ახდენილი ოცნებით და ლიტერატურული სალონი „ხატაური“ ყვარელში

ყვარელში დაამთავრა სკოლა, რომლის გვერდითაც ილია ჭავჭავაძის მშობლიური ეზო და სახლი მდებარეობდა. ყვარლის ბუნებასა და ილიას ეზოს უმშვენიერეს  გარემოში დაიწერა პირველი ლექსი. მას შემდეგ კალამი არ დაუდვია…
სამი პოეტური კრებულის ავტორია: „ბროწეულის გოგონა“, „ისევ ისა ვარ“, „მე დავბრუნდები“…
მისი დიდი ძალისხმევით დაარსდა ყვარელში ლიტერატურული სალონი „ხატაური“. ამბობს, რომ „ხატაურის“ მიზანია – შინაურულ, თბილ, სიყვარულით სავსე სალონურ გარემოში  ყვარლელებმა  უფრო ახლოს გაიცნონ საქართველო და გამოჩენილი ადამიანები: პოეტები, პედაგოგები, მწერლები, კომპოზიტორები და საერთოდ ხელოვანი ადამიანები. – პოეტ ნუნუ ლაღიძის პერსონა.

– დავიბადე ახმეტის რაიონის ულამაზეს სოფელ ფშაველში, სადაც მამა – ავთანდილ ლაღიძე განაწილებით მუშაობდა სოფლის კინოში კინომექანიკოსად და ჩვენც კინოს შენობაში ვცხოვრობდით. მშობლების მონაყოლიდან ვიცი, რომ ადგილობრივი ბავშვები ძალიან მანებივრებდნენ და ფშაურ შაირებს მასწავლიდნენ, რომლებსაც მე თურმე „შარიკებს“ ვეძახდი. დამაყენებდნენ მაგიდაზე და შაირებში ვეჯიბრებოდი მათ, ანუ ვეშაირებოდი. შემდეგ ისევ ყვარელში გადმოვსულვართ.
–   წერდით ბავშვობიდან და სკოლაშიც…  ლექსები ილიას მუზეუმთან ახლოს  იწერებოდა…
– ყვარლის მეორე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და ჰოი, საოცრებავ!  ჩემი სკოლის გვერდით ულამაზესი ეზო საქართველოს უგვირგვინო მეფის, მწერლის პოეტისა და ამჟამად წმინდა ილია მართლის სახელით შერაცხილი ილია ჭავჭავაძის მშობლიური ეზო და  სახლი აღმოჩნდა.
ჩემი კლასის ფანჯრები ილიას ეზოს გადაჰყურებდა, ხოლო ის ულამაზესი კაკლის ხე, რომელიც ილიას მოგონებებშიც აქვს ნახსენები, ბავშვებს გულს გვიხარებდა. სწორედ იმ უზარმაზარი კაკლის ხის ქვეშ ვამბობდით ლექსებს, ვმართავდით წარმოდგენებს ილიას შემოქმედებიდან.
კაკლის ქვეშ მასწავლებლები გვასწავლიდნენ ილიას ბუნებას, ხასიათს, გლეხებთან ურთიერთობას. ვეცნობოდით უკეთილშობილეს მამიდა მაკრინეს, სოფლის მღვდელს, რომელიც ილიას და სოფლის ბავშვებს წერა-კითხვას (ანბანს), სამშობლოს სიყვარულს, სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა.
ამდენმა ლექსმა, ყვარლის ბუნებამ და ილიას ეზოს უმშვენიერესმა  გარემომ კალამი ამაღებინა. პირველი ლექსი მე-4 კლასში თინათინ ლაღიძეს მივუძღვენი. ლექსებს სხვადასხვა საბავშვო გამომცემლობაში ვაგზავნიდი, ზოგი იბეჭდებოდა, ზოგი – არა. სრულიად შემთხვევით შემომრჩა და სათუთად ვინახავ  ჟურნალ „დილის“ რედაქციის წერილს, რომელსაც ხელს აწერს პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ჯანსუღ ჩარკვიანი, რომლითაც დღემდე ვამაყობ.
სკოლის პერიოდში ვწერდი აგრეთვე ჩანახატებს, მოთხრობებს. მახსოვს, რომანიც დავწერე, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა.
– რატომ გადაწყვიტეთ ფილოლოგობა?
– ჩემი ოცნება ჟურნალისტობა იყო და გეგმებსაც ვგეგმავდი, მაგრამ მე-9-10 კლასებში ქართულ ლიტერატურას მასწავლიდა საუკეთესო ქალბატონი საბედა ბეროშვილი, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორის ილო ბეროშვილის და. ამავდროულად, მუსიკაც ძალიან მიყვარდა, რომელსაც სამუსიკო სკოლაში მაღალ კლასებში კონსერვატორიის კურსდამთავრებული ქალბატონი იზა იმერლიშვილი მასწავლიდა.ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ ჩავაბარე მაშინდელ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკა-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამ ფაკულტეტის და საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე იყო  მთელი საქართველოსთვის უსაყვარლესი კომპოზიტორი რეზო ლაღიძე, რომელიც პირველად მაშინ გავიცანი და რითაც მე დღესაც ვამაყობ. სიცოცხლის ბოლომდე ვიამაყებ, რომ მან მომისმინა, როგორ დავუკარი ფორტეპიანოზე 4 ნაწარმოები.
აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი საოცრება; ამ ფაკულტეტზე სხვა საგნებთან ერთად გუნდს მასწავლიდა, პირველ ხმას მამღერებდა საქართველოს აღიარებული ლოტბარი თემურ ქევხიშვილი.
გაგიკვირდებათ ალბათ: ქართულ ენას (გრამატიკას) მასწავლიდა  სკოლის გრამატიკის შემდგენელი ლეო კვაჭაძე. ლიტერატურას – ბატონი დიმიტრი ბენაშვილი, სკოლის მშობლიური ლიტსახელმძღვანელოს შემდგენელი. ორივეს ძალიან ვუყვარდი და ჩემი „წინამოს“ გამო ქოჩორას მეძახდნენ. ასეთი ბუმბერაზი ადამიანები მასწავლიდნენ სკოლაშიც და ინსტიტუტშიც.
– ყვარლის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორად მუშაობდით…
– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ყვარლის იმდროინდელ პიონერთა და მოსწავლეთა სახლის დირექტორად დავიწყე მუშაობა. 10-12 წელი ვმუშაობდი. უამრავი მოსწავლე აღვზარდე, დავაკვალიანე და მომავლის გზა დავულოცე. ეს სამსახური მთელი ჩემი ცხოვრება იყო ჩემი შვილების შემდეგ.
 ლექსების უმრავლესობა სიყვარულზეა…
– ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველმა სიყვარულს მიუძღვნა გენიალური პოემა. მე, რა თქმა უნდა, არავის ვუტოლდები და არც არავის ვეჯიბრები, მაგრამ თუ ღმერთი სიყვარულია, ჩვენც ხომ ღმერთის შვილები ვართ, ანუ ჩვენი გულები სიყვარულითაა სავსე და ეს სიყვარული უნდა გამოვხატოთ, ავაყვავილოთ და ყველას გავუზიაროთ ისე, რომ ყველას შეეხოს, შეაზანზაროს და სადღაც გულის კუნჭულში მიმალული უზარმაზარი გრძნობა გააღვივოს, რომ ბოროტება გავდევნოთ,  არ იხოცებოდნენ ბავშვები…
სიყვარულის უშრეტი წყარო მორაკრაკებს, მოედინება, როგორც სიცოცხლის ელექსირი, სიცოცხლის გამახანგრძლივებელი… რამეთუ დიდმა გალაკტიონმა ბრძანა: „უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ“!

– ერთი ლექსი…

მე დავბრუნდები

მე დავბრუნდები, როცა არ მელი,
იის პატარა ლურჯი ყვავილი.
ვერ შემაშინებს ქარიშხლის კვნესა,
ვერ შემაშინებს თოვლის ფანტელი.
მე დავბრუნდები, როცა არ მელი,
მოვალ ცის ნამად მზის სხივთა ფერში,
გამორჩეული და მოკამკამე… და…
შენს სხეულზე ცრემლად დავდნები.
მოვალ ვარსკვლავად სინათლის მფენი,
გულს გაგინათებ, როცა არ მელი…
მთვარე შუქს როცა ამოანათებს,
სხივად ვიქცევი და მოგეხვევი.
მე დავრბუნდები, როცა არ მელი…
ცისარტყელების ფერებად გშვენი…
ია- იებსაც დაგიფენ ფერხთით,
ციცინათელად გულს დაგებნევი.

– ოჯახი…
– 19 წლის ასაკში სიყვარულით გავთხოვდი და ჩემი ბედნიერება, სიამაყე, ამქვეყნად მოსვლის გამართლება ორი ვაჟიშვილია, რომლებიც ლაღიძეების გვარს ამართლებენ და აგრძელებენ: გოგა (გიორგი) ლაღიძე; დათო (დავით) ლაღიძე.
ჯერჯერობით 2 ულამაზესი შვილიშვილი მყავს – ანანო და სოფია ლაღიძეები, ნუნუ ბებოს სიხარულები და სიცოცხლეები.
ყვარელში დააარსეთ ლიტერატურული სალონი „ხატაური“. როგორ დაიბადა იდეა, რა არის სალონის მიზანი და სამომავლო შეხვედრები…
– დასაწყისი ნებისმიერი საქმის მნიშვნელოვანი ნაწილიაო – ჯერ კიდევ დიდ ფილოსოფოსს პლატონს უთქვამს. და მეც დავიწყე, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე, ვიცი, რომ ოცნება მშვენიერია, მაგრამ ოცნება თავისთავად არ ხდება. ამიტომ საჭიროა: მონდომება, შრომა, მოთმინება და რწმენა.
ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების გაცნობისას გავიგე სალონური ცხოვრების შესახებ, რამაც აღმაფრთოვანა და ჩემს გულში ღრმად გაიდგა ფესვები.  ცხოვრების მანძილზე ხელსაყრელ სიტუაციას ველოდებოდი, რომ მეც დამეფუძნებინა ლიტერატურული სალონი. მართალია, ბანოვანები ფუშფუშა კაბებით ვერ იფრიალებდნენ, მაგრამ ლიტსალონში მოსული სტუმრები დატკბებოდნენ  თანამედროვე პოეზიით, პროზით…
ჩემი სურვილი წლების მანძილზე ისეთი ძლიერი იყო, რომ წარმოსახულ სალონს ლექსიც კი მივუძღვენი.
– გაგვაცანით ეს ლექსი…

დარეჯანის სასახლე (წარმოსახვა)

შრიალ-შრიალებდა ფოთლები ვერხვების,
ფრიალ-ფრიალებდა ფარჩების ფერები.
კაბები კაბები. ზვიადი მუნდირები,
ზეიმზე დარეჯანს სწვეოდნენ ოფიცრები.
ცა კაშკაშებდა ვარსკვლავთ სიმრავლით.
თავს იწონებდა მთვარე სისავსით.
ლამაზ რიკულებს სურო ჩაკვროდა,
ღია აივანს ლხინი ამკობდა.
და ფრიალებდა ფერი ფარჩების,
ძოწისფერებად იწვოდა ზეცა.
ციდან ათოვდათ თეთრი ვარდები.
მარგალიტების მძივები ფრენდა.
დაფრიალებდნენ ბანოვანები,
ფერად-ფერადი ფარჩის კაბებით.
მაღალ დარბაზებს ეშხი ამკობდა,
ლამაზ რიკულებს სურო ჩაკვროდათ!
…………………………………………………
ფირქი დაცურდა მრგვალ აივანზე
და ჩაიძირა ფიქრში სასახლე.

რა თქმა უნდა, ჩემს ოცნებას წლები დასჭირდა, რეალობად რომ ქცეულიყო, მაგრამ მაინც შევძელი და იურიდიულად დავაფუძნე ლიტერატურული სალონი, რომელსაც „ხატაური“ დავარქვი. სახელის შერჩევაში კი თვით გენიალური შოთა დამეხმარა. ეს სიტყვა „მოქარგულს“, „მოხატულს“, „სიტყვაქარგულს“ ნიშნავს. ალბათ დამეთანხმებით, რომ დალოცვილი ქართული სიტყვა მართლაც ასეთია, ხოლო სიტყვებისაგან აკინძული მძივად – პროზა თუ პოეზია იქარგება, იხატება და ადამიანის სულს, გულს სანთელივით ანთებს…
ჭეშმარიტად ღირებული ისაა, რასაც სხვებისთვის ვაკეთებთ, ვზრუნავთ და მხარში ვუდგავართ შეძლებისდაგვარად. ეს არის ცხოვრების კრედო და ამოსავალი წერტილი, და ეს არის სიყვარულის საიდუმლოც.
– საყვარელი ყვავილი…
– იასამანი ბავშვობიდან მიყვარს…
– სამომავლოდ…
– ჩემი საინტერესო დღეებია მაშინ, როდესაც ლიტერატურულ სალონ „ხატაურის“ მომავალს ვგეგმავ, ვემზადები მორიგი საღამოსთვის, ვამზადებ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დარბაზს  ღონისძიებისთვის და  ვეგებებით მოწვეულ სტუმრებს.
„ხატაური“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ვგეგმავთ, ჩვენს ძვირფას ყვარლელებს უფრო ახლოს გავაცნოთ საქართველო  და  გამოჩენილი ადამიანები: პოეტები, პედაგოგები, მწერლები, კომპოზიტორები და საერთოდ ხელოვანი ადამიანები შინაურულ თბილ, სიყვარულით სავსე სალონურ გარემოში.
ჩემი უდიდესი ნატვრაა – ჩემი საქართველოს, ქართველების და ჩემი შვილების ნათელი მომავალი; მშვიდობიანი და ბარაქიანი საქართველო.

                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები