რატი ბრეგაძე: იუსტიციის სახლები 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამისი შესაბამისი საჭიროება იქნება

უპრეცედენტო პროექტი, კერძოდ პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნა, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„იუსტიციის სახლები უკვე გახსნილი არის რუსთავი მე-16, ქალთა ნომერ მე-5 დაწესებულებებში, გლდანის ნომერ მე-8 და ლაითურის დაწესებულებებში, ასევე, გასახსნელად მზადაა და უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი იქნება ქუთაისის ნომერ მე-2 დაწესებულებაში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სახლები 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამისი შესაბამისი საჭიროება იქნება და მსჯავრდადებულებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ 50 სერვისით.

„ეს არის 50 სერვისი და მომსახურება, რომელიც ხშირად ესაჭიროებათ პატიმრებს დაწყებული სამეწარმეო საქმიანობიდან, დასრულებული ვთქვათ მინდობილობებით და პირადობის მოწმობების განახლებით. მინდობილობა ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული სერვისია, იმიტომ რომ ვთქვათ, თუკი რომელიმე პატიმრის შვილს სჭირდება პირობითად საზღვარგარეთ გასვლა ან რამე მსგავსი ტიპის მოქმედების შესრულება, ამისთვის ესაჭიროება ორივე მშობლის მინდობილობა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის მომსახურება არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები