იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევითმა ლაბორატორიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გატაცებაში ბელარუსის როლის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ ბელარუსში 6-დან 17 წლამდე ასაკის, სულ მცირე, 2400 ბავშვია გაგზავნილი. აღნიშნულია, რომ რიცხვი შესაძლოა, ბევრად მაღალიც იყოს.
უკრაინის პროკურატურამ მაისში გამოაცხადა გამოძიების შედეგები, და თქვა, რომ, სულ მცირე, 19 ათასი უკრაინელი ბავშვის გატაცებასთან ბელარუსია კავშირში.
როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, 2022 წლის სექტემბრიდან – 2023 წლის მაისამდე ფიქსირდება ბავშვების გადაადგილება, სულ მცირე, 17 ქალაქიდან – დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებში.
მათგან 2000-ზე მეტი მინსკთან მდებარე “დუბრავას” ბავშვთა ბანაკში აღმოჩნდა, 392 კი – ბელარუსის კიდევ 12 სხვა დაწესებულებაში.
ადგილზე მიდიოდა მათი გადამზადება და სამხედრო მომზადება.
აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ მათი ტრანსპორტირებისთვის სახელმწიფო სახსრების გამოყენების ნებართვა გასცა. ამასთან, მოხსენებაში ნათქვამია, რომ უცნობია, თუ სად იმყოფებიან ეს ბავშვები დღეს.
გასულ წელს სტრასბურგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის რუსეთის პრეზიდენტზე და ბავშვთა უფლებების დამცველ მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.