ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესამცირებლად, თუმცა, წარუმატებლად – ძირითადად, “ჰამასის” ქმედების გამო.
ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში თქვა.
„თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა ტრაგედიაა და ეს არ უნდა ხდებოდეს, ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე ავარიდოთ, მაგრამ “ჰამასიც” ყველაფერს აკეთებს, რომ ისინი თავდასხმის ქვეშ დატოვოს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
პრემიერმინისტრმა გაიხსენა, რომ კონკრეტული ადგილის თავდასხმის წინ, ისრაელის არმია ავრცელებს ბუკლეტებს და აგზავნის SMS-ს გაფრთხილებით და მოუწოდებს მშვიდობიან მოქალაქეებს ტერიტორია დატოვონ.
“და ბევრი გადის. ჩვენ შევეცდებით, დავასრულოთ ეს სამუშაო მშვიდობიან მოსახლეობაში მინიმალური მსხვერპლით. ჩვენ ამის გაკეთებას ვცდილობთ – მინიმუმამდე დავიყვანოთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გამოგვდის”,- თქვა პოლიტიკოსმა.
ამავე ინტერვიუში ნეთანიაჰუმ თქვა, რომ “ჰამასის” დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზას სექტორის ხელახლა ოკუპაციას არ აპირებს, მაგრამ აპირებს მასზე სამხედრო კონტროლის შენარჩუნებას, რათა არ მოხდეს ტერორისტული ორგანიზაციების აღორძინება.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ღაზას დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია“, – თქვა ისრაელის პრემიერმა.