გურამ მაჭარაშვილი: მგონია, რომ ამერიკის ელჩი მაინც უფრო რეალურად შეაფასებს სიტუაციას და აქედან გამომდინარე გააკეთებს განცხადებებს
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა.
„თუ აშშ-ის ელჩი სხვა პოლიტიკას ატარებს, ვიდრე მისი ქვეყნის პრეზიდენტი, ეს უნდა განგვიმარტოს, მაგრამ მე მგონია, რომ ამერიკის ელჩი მაინც უფრო რეალურად შეაფასებს სიტუაციას და აქედან გამომდინარე გააკეთებს განცხადებებს. დღეს სი ძინ პინი ხვდება ბაიდენს და ორივე აცხადებს, რომ აპირებენ, მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობას. მართალია, ზურაბიშვილი დაჭერას უპირებს სი ძინ პინს და, ალბათ, გააორმაგებს დაცვას, მაგრამ ამერიკის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და ჩინეთის პრეზიდენტი საჯაროდ ამბობენ, აპირებენ თანამშრომლობას მათ შორის სამხედრო მიმართულებით და დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.