არჩილ თალაკვაძე: ფარცხალაძესთან მიმართებით სახელმწიფომ იმოქმედა კანონის სრული დაცვით
მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ელჩების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას და ამ შემთხვევაშიც ეს ასეა. რაც შეეხება სანქციებს, იმ რაუნდში, როცა ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოცხადდა სანქციები, ასევე სანქცირებული იყო ასეულობით პირი საჯარო უწყებებიდან, ბიზნესიდან, მედიიდან და ა.შ. და ათეულობით პირს ამავე რაუნდში მოეხსნა სანქციები. ეს ომის მიმდინარეობისას არის პროცესი, რომელშიც არაერთი საერთაშორისო მხარეა ჩართული და ხდება ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა. რაც შეეხება გამოძიებას, თქვენ იცით, რომ ფარცხალაძესთან მიმართებით სახელმწიფომ იმოქმედა კანონის სრული დაცვით, როგორც იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეობის საკითხზე, ასევე საგამოძიებო სტრუქტურებმა იმ გარემოებებზე, რაზეც იყო გამოძიება დასაწყები. გამოძიება დაწყებულია და ახალი ამ რეკომენდაციაში არაფერია. ეს უკვე გააკეთა საქართველომ. რაც შეეხება გამოძიების შემდგომ ეტაპს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა პირის დასანქცირება, არ არის გადმოცემული, რომ მისი შესწავლის და სრულფასოვანი შეფასების საშუალება ჰქონდეს პროკურატურას. როგორც ვიცი, არის მოლოდინი და იმედი ვიქონიოთ, მტკიცებულებები მომავალში მაინც იქნება გადმოცემული,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სანქცირება მთავრობებისთვის მინიშნებაა გამოძიებაზე.