ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგი ხელს არ გვიშლის, რომ სამუშაოები შევასრულოთ
“არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ჩართული იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობდეს საპარლამენტო ცხოვრებაში, არ სჭირდება ცალკე მოწვევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარებას გულისხმობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგი მმართველ გუნდს სამუშაოების შესრულებაში ხელს არ უშლის.
„წელიწად-ნახევრის განმავლობაში როცა მობილიზებული ვიყავით, რომ მიგვეღო კანონპროექტები, რომლებსაც, საბოლოოდ, სტატუსის მიღება უნდა უზრუნველეყო, ოპოზიციის მხრიდან სრული დესტრუქცია მივიღეთ, მათ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა, მივიღეთ ევროკომისიის დასკვნა, სადაც ძალიან კარგად არის ასახული ყველა ის მიღწევა, რომელიც გვქონდა და რომელმაც დადებითად იმოქმედა, რათა ჩვენმა სახელმწიფომ სტატუსი მიიღოს დეკემბერში. ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგი ხელს არ გვიშლის, რომ სამუშაოები შევასრულოთ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.