სტოლტენბერგი: უკრაინაში ომი ხანგრძლივი იქნება, უნდა მოვემზადოთ და მხარდაჭერა გავაგრძელოთ
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მომზადება და თავდაცვის ძალების მხარდაჭერა.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ომები არაპროგნოზირებადია. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რაც ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მანვე დასძინა, რომ მხოლოდ მდგრადი და რეგულარული მხარდაჭერით დარჩება უკრაინა სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სტატიის კომენტირებისას, რომელშიც ის წერდა, რომ ომი ჩიხში იყო, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ყოველთვის ცხადი იყო, რომ სიტუაცია რთული იქნებოდა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი თვეების განმავლობაში ამზადებდა თავდაცვით ხაზებს – ნაღმებით, სატანკო თხრილებით, დიდი რაოდენობით თავდაცვითი პოზიციებით“, – თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ უკრაინულმა ჯარებმა „შეძლეს წარმატების მიღწევა და მეტი ტერიტორიის გათავისუფლება“.