ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკის დაბარებაზე. დეპუტატმა წარმოადგინა ამერიკის კონგრესის ანგარიში და თქვა, რომ ის ამხელს მედიის ცენზურასა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ იმავე სქემებით ევროპული სტრუქტურები 2024 წლიდან დღემდე მოქმედებენ საქართველოში:
„ანგარიში ამხელს მედიის ცენზურისა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იმავე სქემებით, რომლებსაც ჩვენ 2024 წლიდან დღემდე საკუთარ თავზე ვგრძნობთ. ჰერჩინსკის მინდა ვკითხო: რა პასუხი აქვს მას თავისივე დასავლელი პარტნიორების, ამერიკელი კონგრესმენების ამ მხილებაზე?” – განაცხადა ქადაგიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში დეტალურად აღწერილია, თუ როგორ ერეოდნენ ევროპული სტრუქტურები NGO-ების საშუალებით სუვერენული ქვეყნების არჩევნებში.
„გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი იყო დაბარებული იმ შეურაცხყოფისათვის, რაც იკადრა, თუმცა შეხვედრის შემდეგ, გამაოგნებელი ის იყო, რომ უტიფრად, კვლავ ქართული მხარე დაადანაშაულა. სწორედ ამიტომ, მე დღეს ხელში მიჭირავს რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის კონგრესის მიერ გამოქვეყნებული 160-გვერდიანი დასკვნა. ეს დოკუმენტი არის პასუხი იმაზე, თუ ვინ ახდენს დემოკრატიის სახელით ცენზურის დაკანონებას და ადამიანის უფლებების იარაღად გამოყენებას. აქ დეტალურადაა აღწერილი, როგორ ერეოდნენ ევროპული სტრუქტურები NGO-ების მეშვეობით სუვერენული ქვეყნების არჩევნებში, როგორი სქემა მოქმედებდა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და რა მასშტაბის სინდიკატთან გვაქვს საქმე. ანგარიში ამხელს მედიის ცენზურისა და პოლიტიკური რეიტინგებით მანიპულაციას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, იმავე სქემებით, რომლებსაც ჩვენ 2024 წლიდან დღემდე საკუთარ თავზე ვგრძნობთ. როდესაც ელჩი დღეს ჩვენს ქვეყანას ადანაშაულებს, მინდა ვკითხო: რა პასუხი აქვს მას თავისივე დასავლელი პარტნიორების, ამერიკელი კონგრესმენების ამ მხილებაზე? არ ვიცი, ეს დოკუმენტი გამოიყენა თუ არა ქალბატონმა მაკამ გუშინ ჰერჩინსკისთან საუბარში, თუმცა ყველა ჩვენ დაუძინებელ მეგობართან სწორედ ამ დოკუმენტით უნდა დავიწყოთ საუბარი. თუ პარიზსა და ბერლინში ცენზურა და პოლიტიკური ინსინუაცია დესტრუქციულია, თბილისში კონსტრუქტიულად როგორ ჩაითვლება?! ასე რომ, ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!” – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.