საინფორმაციო სააგენტოებმა – Reuters-მა და Associated Press-მა, ასევე, CNN-მა და New York Times-მა ისრაელის კომუნიკაციების მინისტრის, შლომო კარჰის ბრალდებები უარყვეს, რომელმაც განაცხადა, რომ ღაზაში შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც დასავლურ მედიასთან თანამშრომლობენ, შესაძლოა, წინასწარ ჰქონოდათ ინფორმაცია “ჰამასის” თავდასხმის შესახებ.
CNN-ისთვის, Reuters-ისთვის, NYT-ისა და AP-ისთვის გაგზავნილ წერილში კარჰიმ მოითხოვა განმარტება, თუ რატომ იმყოფებოდნენ ამ გამოცემების ჟურნალისტები “ჰამასთან” თავდასხმის დროს და მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ.
”მოგმართავთ ღრმა შეშფოთებით სამხრეთ ისრაელის ტრაგიკულ მოვლენებში თქვენი თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, ბოლოდროინდელ ცნობებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენი ორგანიზაციის ზოგიერთ წევრს, მათ შორის, ფოტოგრაფებს, ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია ამ საშინელი ქმედებების შესახებ და შესაძლოა, ჰქონოდათ კონტაქტი დამნაშავეებთან”, – ნათქვამია წერილში.
მედიასაშუალებებმა უარყვეს ბრალდებები და განაცხადეს, რომ წინასწარ არ ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. AP-მა და CNN-მა განაცხადეს, რომ მათ შეწყვიტეს თანამშრომლობა შტატგარეშე ფოტოგრაფ ჰასან ესლაიასთან მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის თავდასხმის დროს “ჰამასის” ბოევიკებთან ერთად იმყოფებოდა.
Associated Press-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის, ლორენ ისტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ “Associated Press-მა არ იცოდა 7 ოქტომბრის თავდასხმების შესახებ, სანამ ისინი არ მოხდებოდა. პირველი ფოტოები, რომლებიც AP-მ მოიპოვა შტატგარეშე თანამშრომლისგან, აჩვენებს, რომ ისინი გადაღებულია თავდასხმიდან ერთი საათის შემდეგ. თავდასხმის დროს AP-ის არცერთი თანამშრომელი საზღვარზე არ იმყოფება, არც გადაუკვეთავს საზღვარი“.
CNN-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის დღეს ესლაია ტელეარხისთვის არ მუშაობდა.
„ჰასან ესლაია, რომელიც იყო შტატგარეშე ჟურნალისტი და რომელიც ჩვენთვის და ბევრი სხვა გამოცემისთვის მუშაობდა, 7 ოქტომბერს ტელეარხისთვის არ მუშაობდა. დღეიდან ჩვენ მასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
Reuters-მა ასევე უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მას რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა ისრაელზე თავდასხმის შესახებ.
„როიტერი” კატეგორიულად უარყოფს, რომ სააგენტოს ჰქონდა რაიმე ინფორმაცია თავდასხმის შესახებ. “როიტერის” მიერ გამოქვეყნებული ფოტოები გადაღებულია ორი საათის შემდეგ, რაც “ჰამასმა” სამხრეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა და 45 წუთზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ბოევიკებმა საზღვარი გადაკვეთეს“, – განმარტებულია განცხადებაში.
New York Times-მა გაავრცელა განცხადება კიდევ ერთ შტატგარეშე ფოტოგრაფის – იუსეფ მასუდის შესახებ.
”მიუხედავად იმისა, რომ იუსეფი თავდასხმის დღეს Times-ზე არ მუშაობდა, მას შემდეგ ის ჩვენთვის მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებდა. მისი ნამუშევრების ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ის აკეთებდა იმას, რასაც ფოტორეპორტიორები ყოველთვის აკეთებენ მთავარ საინფორმაციო მოვლენებზე – აფიქსირებენ ტრაგედიას, როგორც ის ვითარდება”, – ნათქვამია განცხადებაში.