პატრიარქი: ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი, ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებას ავრცელებს, რომელიც ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია.

ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში.

ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები