ირაკლი ჩიქოვანი: ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია

“სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია და ის საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი პრეზიდენტის ვიზიტს საფრანგეთში, რომელთან დაკავშირებითაც, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილს მთავრობისთვის არ მიუმართავს.

ჩიქოვანის თქმით, ზურაბიშვილი პოლიტიკური რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით მოქმედებს.

“საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად დაადასტურა ის ფაქტი, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ პრეზიდენტი საგარეო წარმომადგენლობას რაიმე ფორმით ახორციელებს, მას მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა. პრეზიდენტი ამგვარ ქმედებებს აგრძელებს, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კონსტიტუციის პატივისცემა აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება და, მით უმეტეს, პრეზიდენტს. სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ასეთი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქტუალობა დაკარგული აქვს და ცდილობს, საკუთარი აქტუალობა შეინარჩუნოს და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს. საზოგადოებას უკვე ვაჩვენეთ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია და ის საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური რენომეს შენარჩუნების მიზნით მოქმედებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები