გივი მიქანაძე: საქართველო უახლოეს პერიოდში ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
მისივე თქმით, საქართველო უახლოეს პერიოდში ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის, რომ საქართველო ევროპის მიერ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით აღიარებულ იქნა, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი და ეს ქვეყანა, აუცილებლად, უახლოეს პერიოდში გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ის წინსვლა და ის პროგრესი, რაც ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დაბრუნების დამკვიდრებისთვის არის მიმართული, საბოლოოდ უკვე რეალურ სახეს იღებს”, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ.