აშშ აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს ღაზიდან პალესტინელების იძულებით გადაადგილებას
შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ღაზის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე საუბრისას, პატელმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ისრაელის მიერ ღაზის განმეორებითი ოკუპაციის წინააღმდეგია.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ უპასუხა შეკითხვას ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ABC News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისრაელი პალესტინის ანკლავის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი განუსაზღვრელი ვადით იქნება.
„რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, აშშ მხარს არ უჭერს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ღაზის ფარგლებს გარეთ. ეს არ არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“, – განაცხადა პატელმა.