ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის მიზანი უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში და არა გაყინული კონფლიქტი
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიზანი უნდა იყოს სტაბილური და სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში და არა გაყინული კონფლიქტი.
ევროკომისიის ლიდერმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე, ამ კონტექსტში სამი მიზანი წარადგინა, რომლებსაც ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს.
„სანამ ომი გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ჩვენ ასევე უნდა ვეცადოთ ყურადღება გავამახვილოთ წინსვლის გზაზე და რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭიროა“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, მიზნები, რომლებსაც ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს უკრაინასთან მიმართებაში არის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი. უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის უნდა.
როგორც მან აღნიშნა, ამ მიზნების მიღწევის მთავარი გზა პრეზიდენტ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულაა“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა ელჩებს, რომ გააგრძელონ მუშაობა, რათა უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ „მშვიდობის ფორმულისთვის“ მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან.