გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები 65 ჰა ფართობზე მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე, ჭალის ტყის მასივში ხორციელდება და 65 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ტერიტორია მეტყევე სპეციალისტებმა წინასწარი დეტალური კვლევისა და სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეარჩიეს. აღნიშნული ტყის მასივი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა შინაური პირუტყვის ინტენსიური გადაადგილებისა და ძოვების შედეგად შეიქმნა დეგრადაციის საფრთხე, რამაც ბუნებრივი განახლების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. ასევე, წარსულში განხორციელებული უსისტემო ჭრების შედეგად განადგურდა ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი ძვირფასმერქნიანი სახეობების დიდი ნაწილი, მათ შორის ჭალის მუხა და თელა.
პროექტის ფარგლებში გასულ წელს განხორციელდა ტერიტორიის სრულმასშტაბიანი გაწმენდა და შემოღობვა, რის შემდეგაც დაირგო 11 სახეობის 25 000 ნერგი.
„სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს – ტყის დაცვას და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებას. ჩვენი ყველა ღონისძიება სწორედ ამ მიზნებზეა ორიენტირებული. ჭალის ტყის აღდგენა ეკოლოგიური თვალსაზრისით უზრუნველყოფს ეკოსისტემური სერვისების შექმნას. ამასთან, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ტყე მაღალი კონსერვაციული ღირებულებით გამოირჩევა და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიომრავალფეროვნების განვითარებას“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში დამატებით დაირგვება წითელი ნუსხით დაცული სახეობის – ჭალის მუხის 25 000 ნერგი.