“გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის დედაქალაქი იერუსალიმია, ჩვენ გავიმარჯვებთ” – “ჰამასის” წარმომადგენლის პრესკონფერენცია
“ჰამასის” წარმომადგენლის, ოსამა ჰამდანის განცხადებით, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმით დაჯგუფებამ გამარჯვება მოიპოვა და “გამარჯვებული დარჩება, იბრძოლებს სიმტკიცით და მტერს დანაკარგები ექნება”.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე თქვა, – იტყობინება Sky News-ი.
ჰამდანი ისრაელის არმიის განცხადებას გამოეხმაურა, რომ დაჯგუფება იარაღს შეიხ ჰამადის საავადმყოფოს ქვეშ აგროვებდა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო აღმოჩენილი ხვრელები იყო გვირაბში შესასვლელი, რომელსაც დაჯგუფება არ იყენებდა.
მან გაეროს მოუწოდა, შეამოწმოს საავადმყოფოები, რომ თავად ნახოს “ისრაელის ომის დანაშაულებები”.
მისი თქმით, ისრაელმა ღაზაში “ჰოლოკოსტი” მოაწყო, მოსახლეობას გამიზნულად დაესხა თავს და 250 ათასამდე სახლი დაანგრია.
„საოკუპაციო ჯარი უმიზნებს ქალებსა და ბავშვებს ღია ცის ქვეშ, ქუჩებში“, – ამბობს ის.
ოსამა ჰამდანის განცხადებით, 7 ოქტომბერს ,,ჰამასმა,, “გამარჯვება” მოიპოვა. მან საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.
“ყველა მხარეს ვაფრთხილებთ, რომ თუ სურთ, ჩვენს ხალხს რამე დამართონ, ჩვენი დიდი პალესტინელი ხალხი ამას არ მიიღებს”, – ამბობს ის.
მისი მტკიცებით, აშშ-ს აქვს „ბინძური გეგმები“, “ღაზას მოსახლეობა არ გაჩუმდება, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს პარტნიორობას ოკუპანტებთან“.
„ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის დედაქალაქი იერუსალიმია”, – ამბობს ,,ჰამასის,, წარმომადგენელი.
ოსამა ჰამდანი მიმართავს ყველას, ვინც “ფიქრობს, რომ ,,ჰამასი,, განადგურდება, ეს ბოდვაა, ჩვენ ისრაელთან ომში გავიმარჯვებთ”.
„7 ოქტომბერს გავიმარჯვეთ და გამარჯვებულები დავრჩებით. ვრჩებით მტკიცედ, მტერი ზარალს განიცდის და მადლობას ვუხდით ჩვენს ხალხს და ჩვენს მოწამეებს”, – თქვა ,,ჰამასის,, წარმომადგენელმა.