კომიტეტმა ბეჭდური ინფორმაციის კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შექმნას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს აწესებს ბეჭდური ინფორმაციის კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის, რათა მათთვის მისაღები ფორმატის წიგნები და კულტურის საკითხებთან დაკავშირებული სხვა მასალები ხელმისაწვდომი გახდეს.

პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა გრეტა წიწავამ წარადგინა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ზოგადი დებულებები გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი „საქპატენტთან” ერთად შემუშავდა.

„2013 წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებულია შეთანხმება (ე.წ. მარაქეშის შეთანხმება), რომელიც ითვალისწინებს უსინათლო და მცირემხედველი, ან ბეჭდური ინფორმაციის კითხვის სხვაგვარი სირთულის მქონე პირთათვის, მათთვის სასურველ ფორმატში, ფინანსური დანახარჯების გარეშე, მასალის ხელმისაწვდომობას. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებს მარტივად მოიპოვონ ადაპტირებულ ფორმატში ბეჭდური ნაწარმოები”, – განაცხადა მომხსენებელმა.

საკანონმდებლო ინიციატივა ადგენს ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირის სტატუსების მინიჭების/გაუქმების ზოგიერთ წესს, ხოლო დეტალური რეგულირების უფლებამოსილების დელეგირებას „საქპატენტის” თავმჯდომარეზე ახდენს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი გათვლილია მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან უდავოდ ესაჭიროება მხარში დგომა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველო მიერთებულია მარაქეშის შეთანხმებასთან და აქედან გამომდინარე ხორციელდება კანონმდებლობაში ცვლილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები