საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი პირველი ლაბორატორია გაიხსნა

   საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი პირველი ლაბორატორია “Quality Lab – ხარისხის ლაბორატორია” გაიხსნა. Quality Lab (ხარისხის ლაბორატორია) პირველი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტის აღმოჩენა და კვლევა. ლაბორატორიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც შალვა ფიფია განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ამიტომ თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიების არსებობა მნიშვნელოვანია. ,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. მითუმეტეს ახლა, როდესაც საქართველოს პარაფირებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დაწყება იგეგმება. ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე ექსპორტირებისთვის კი აუცილებელია კონტროლდებოდეს და მოწმდებოდეს პროდუქციის ხარისხი და შემადგენლობა. მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიების არსებობა და მისასალმებელია, რომ დღეს სწორედ ასეთი ლაბორატორია გაიხსნა“, -განაცხადა შალვა ფიფიამ. დღემდე საქართველოში არ არსებობდა აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა ამ მიმართულებით კვლევების განხორციელებაზე. შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელსაც კანონმდებლობით ევალება სახელმწიფო კონტროლი ამ მიმართულებით, ვერ ასრულებდა მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებას. გენმოდიფიცირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები სასურსათო პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება, როგორც სასურსათო ნედლეულის, ისე საკვებ დანამატების და სხვა ინგრედიენტების სახით (მაგ. სოიო, კარტოფილი, სიმინდი და სხვ.). მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს მისი ზუსტი შემადგენლობა, რათა მათ თავად აირჩიონ როგორი პროდუქცია შეიძინონ. სურსათის ეროვნულ სააგენტოს პროდუქტისა და ეტიკეტის შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელების მიმართულებით, აღნიშნული ლაბორატორია დაეხმარება. „Quality Lab“, რომელიც უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი, აერთიანებს 3 დეპარტამენტს: ქიმიური კვლევების, მიკრობიოლოგიის და ,,გმო’’ (GMO) ლაბორატორიებს. ,,ხარისხის ლაბორატორია“ მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ასევე კიბოს გამომწვევი ნივთიერებათა ჯგუფის (კარცეროგენი) შემცველობის კვლევაზე საკვებ პროდუქტებში. აღნიშნული კვლევა, ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და ,,გმო’’ კვლევებთან კომპლექტში შეიძლება გამოიყენებოდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების სტანდარტის შესაქმნელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები