ე.წ. სამხრეთ ოსეთი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება – რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა

     ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს.
„რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამიტომ ტერიტორიების დაბრუნების შესახებ განცხადებები, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს“, – ნათქვამია ცხინვალის განცხადებაში.
დე ფაქტო უწყება საქართველოს „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ფაქტის დამალვაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარება აბსურდულია“.
„ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიასა და მოსახლეობაზე ეფექტურ კონტროლს 2008 წლამდეც ახორციელებდა. რუსული სამხედრო ბაზები კი რუსეთთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განლაგდა. თუ ქართულ ხელმძღვანელობას კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს, მაშინ მან, პირველ რიგში, ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულ დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი, აღიაროს რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობა, აიღოს პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდისთვის, სათანადოდ შეაფასოს სამხედრო აგრესია და ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს “ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები